დავით მუჯირი: "კლუბების განთავისუფლება საწევრო გადასახადისგან მართებული იყო!"
ყველა სიახლე6 ნოემბერს, სასტუმრო „სტამბაში“, საქართველოს ფუტსალის ლიგის და ფუტსალის ლიგა 2-ს 2018/19 წ.წ სეზონის პრეზენტაცია და წილისყრა გაიმართა.
ფუტსალის ლიგის რიგით მეოთხე გათამაშება, სტარტს 9 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს.
წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობას რვა გუნდი მიიღებს, რომლებიც ერთმანეთს ორ წრედ დაუპირისპირდებიან. პლეი-ოფში თამაშის უფლებას საუკეთესო ოთხეული მოიპოვებს. 1/2 ფინალურ და ფინალურ დაპირისპირებებში გამარჯვებული სამი მოგების შედეგად გამოვლინდება. მეშვიდე-მერვე ადგილზე გასული გუნდები კი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ. ახალ სეზონზე გაზრდილია საპრიზო ფონდიც.
წლევანდელი სეზონის ფარგლებში, პირველად ქართული ფუტსალის ისტორიაში, რანგით მეორე ლიგა - ფუტსალის ლიგა 2-ს გათამაშება აღებს სტარტს. სადებიუტო ლიგაში პირველ წელს 6 გუნდი იასპარეზებს. ორ წრის შემდეგ გამოვლინდება საუკეთესო ოთხეული, რომელიც პლეი-ოფში განაგრძობს თამაშს, სადაც ფინალისტების ვინაობა ორი მატჩის შედეგად გაირკვევა. ლიგის გამარჯვებულის და ფუტსალის ლიგის საგზურის მფლობელს ერთ მატჩიანი ფინალური დაპირისპირება გადაწყვეტს. ფულადი საბონუსე სისტემა იმოქმედებს ასევე ფუტსალის ლიგა 2-ს გუნდებისთვისაც. პირველი ტურის შეხვედრები 11 და 18 ნოემბერს გაიმართება.
2018-2019 წლის სეზონის კიდევ ერთი სიახლე, ფუტსალის ლიგის თასს უკავშირდება. გაზაფხულიდან, ფუტსალის ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ის გუნდები ლიგის თასის გათამაშებაში ჩაერთვებიან. ფინალისტი და თასის მფლობელი სპეციალური ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან.
წილისყრაში მონაწილეობა საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და TMC თბილისის კაპიტანმა ვახტანგ ჯვარაშვილმა მიიღეს. დამსწრე საზოგადაობას კი სიტყვით სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და სპორტული სააგენტო SBM დირექტორმა ზაალ ჩიტალაძემ მიმართეს.
დავით მუჯირი,სფფ-ს გენერალური მდივანი: „ჩვენთვის ინდიკატორი იმისა რომ ჩემპიონატის მიმართ ინტერესი იზრდება არის ის რომ გუნდების რაოდენობა მატულობს. ჩვენი ჩემპიონატი უფრო მეტად კონკურენტუნარიანი ხდება, ჩვენი ნაკრები ანგარიშგასაწევი ძალაა და შესაბამისად ვცდილობთ უფრო მეტი რესურსი გამოვნახოთ.წელს კარგია ის რომ გუნდების რაოდენობა გაიზარდა ამან გამოიწვია ის რომ ფუტსალის ლიგა 2 ჩამოყალიბდა, საიდანაც გამარჯვებული უკვე მომდევნო წლიდან ფუტსალის ლიგაში აღზვდება. ორივე ლიგაში იქნება საპრიზო ფონდი. კლუბების განთავისუფლება საწევრო გადასახადისგან მართებული იყო და გუნდების მიერ სწორადაც იქნა აღქმული, ამიტომ წელს გუნდები საბაზისო დაფინანსებაში მოექცნენ. იმედი მაქვს რომ კლუბის განვითარებისთვის ეს თანხები სწორად იქნება მოხმარებული მენეჯერების მხრიდან. ასევე სიახლე გვექნება 2019 წლიდან,დაიწყება მწვრთნელთა გადამზადების პროგრამა და საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე ყველა გუნდისთვის აუცილებელი იქნება გუნდს ყავდეს ფუტსალის უეფას ლიცენზიის მქონე მწვრთნელი.რაც კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის, 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ფუტსალის ლიგის რიგით მეოთხე სეზონსაც მხარეები ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ. ფუტსალის ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ის პარტნიორი კვლავ საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდი იქნება, რომლის თანადაფინანსებითაც ჩატარდება აღნიშნული ჩემპიონატი.