"ტატიშვილი" ელიტ რაუნდის საგზურისთვის ბრძოლაში ერთვება!

ყველა სიახლე
28 სექტემბერი 2018


საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017-18 წ.წ სეზონის ჩემპიონი მფკ ტატიშვილი უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის მეინ რაუნდის მატჩებისთვის ემზადება.

მეინ რაუნდში ტატიშვილი მე-6 ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ელიტ რაუნდის ერთი საგზურისთვის ყაზახურ "აქტობეს", ხორვატიის "ვრიემ მაკარასკას" და ფინეთის "კამპუკსენ-დინამოს" დაუპირისპირდება. მატჩებს 3-6 ოქტომბერს ხორვატის ქალაქი მაკარასკა უმასპინძლებს.

„მედიკოსები“ პირველ შეხვედრას 3 ოქტომბერს ყაზახური აქტობეს წინააღმდეგ თბილისის დროით 20:00 საათზე გამართავენ.

მეინ რაუნდის მეორე მატჩში, საქართველოს ჩემპიონი, 22:30 წუთზე ხორვატიის "ვრიემ მაკარასკას" დაუპირისპირდება, რომლებიც  ჯგუფის  ფავორიტად  მოიაზრება,  მესამე შეხვედრა 6 ოქტომბერს ჩვენი დროით 20:00  გაიმართება, სადაც ტატიშვილი ფინეთის კამპუკსენ დინამოს გაეჯიბრება.  

ალე ძაბირაძე, ტატიშვილის მთავარი მწვრთნელი: “პირველ რიგში მინდა ყველას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის.გუნდმა შეგვიქმნა ყველა პირობა კარგად მოვმზადებულიყავით, ეს იქნებოდა შეკრება, ამხანაგური მატჩები თუ ა.შ.

ტატიშვილი ორი წლის  შექმნილი გუნდია და ეს  მატჩები დიდი გამოცდილება იყო ჩვენთვის.მეინ რაუნდისთვის თბილისში ვემზადებით,იგივე  გუნდით ვითამაშებთ ამ ეტაპზე არავინ დაგვიმატებია, რაც შეეხება გიორგი ტიკურაშვილს ის მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიურად ემზადებოდა ტატიშვილთან და მომდევნო სეზონშიც ჩვენთან ითამაშებს კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოეწერა.

რთული თამაშები გველის, ფორმატი შეცვლილია ამ ეტაპზე  ელიტ რაუნდში  მხოლოდ ერთი გუნდი გადის, სიძლიერით  ხორვატიის  ჩემპიონს  გამოვარჩევდი, რომელიც  მასპინძელი და  ამავედროს ჯგუფის გამოკვეთილი ფავორიტია.ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ,რომ ღირსეულად ვიასპარეზოთ.“

ვახო კეკელია, გუნდის კაპიტანი: „ნამდვილად წარმატებული წელი გამოდგა ჩვენი გუნდისთვის. საქართველოს ჩემპიონები გავხდით. შემდეგ უკვე მოლდოვაში ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპიც წარმატებით გავიარეთ. ახლა ვემზადებით "მეინ რაუნდისთვის", რომელიც ხორვატიაში ჩატარდება.რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ღირსეულად გამოვიდეთ და წარმატება მოვუტანოთ ჩვენ გუნდსა და საქართველოს.ყაზახური აქტობე და ხორვატიის ვრიმე მაკარსკა ორივე ძალიან ძლიერი გუნდია და ამ ჯგუფის ფავორიტები. ტატიშვილისთვის ეს პირველი წელია ევრო ტურნირებზე ამიტომ უკვე დადებითად შემიძლია შევაფასო ჩვენი გამოსვლა. ამ ჯგუფიდან გასვლა გაგვიჭირდება მითუმეტეს მხოლოდ ერთი გადის, მაგრამ ყველაფერს ვეცდებით.“

გიორგი სილაგავა, ტატიშვილის ფეხბურთელი: „პირველ რიგში მიღწევებს რაც შეეხება ეს ყველაფერი  არის ჩვენი დიდი ოჯახის დამსახურება და დაუზოგავი შრომის შედეგი რამაც ჯერ ჩემპიონობა მოიტანა შემდეგ ის რაზეც ყველა ოცნებობს, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა და მეინ რაუნდის საგზური, რომელიც ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დაგვემატა 2  ფეხბურთელი გიორგი ტიკურიშვილი და გიორგი ნიშნიანიძე, რომლებიც თავის გამოცდილებით ძალიან დაგვეხმარნენ. რაც შეეხება მეინ რაუნდს და ჩვენ მეტოქეებს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თითოეული თამაში, ძალიან ძლიერ ჯგუფში მოვხვდით 4 გუნდიდან 1 გადის მომდევნო ეტაპზე.  ვფიქრობ, პირველ თამაშს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქ რომელიც ყაზახეთის აქტობესთან გვიწევს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ მივაღწიოთ სასურველ შედეგს და კიდევ ერთხელ გავახაროთ ქართული ფუტსალის გულშემატკივარი და ყველა ის ადამიანი ვისაც ჩვენი წარმატების სჯერა. ტატიშვილის გუნდისთვის ყველა გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია,რადგან ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ.“

ნიკოლოზ ფხაკაძე, ტატიშვილის მეკარე: „აღნიშნული წარმატება, თითოეული გუნდის წევრისთვის და ქომაგისთვის წინ გადადგმული სასიხარულო ნაბიჯია, რომელიც ყველას ძალიან გვსურდა. ჩვენი ახალი მეკარე ალი ასლანი კარგად შეეწყო გუნდს,  საკვალიფიკაციო ლიგის გადამწყვეტ თამაშში ძალია საპასუხისმგებლო იყო ჩემთვის კარის დაცვა. ისევე როგორც მე, ყველა გუნდის წევრი მობილიზებულები ვიყავით და გვჯეროდა რომ გავიმარჯვედით, მიუხედავად პირველი ფრისა და გადამწყვეტ თამაშზე მოწინააღმდეგის მოპოვებული უპირატესობისა, რაც მსაჯების შეცდომამ გამოიწვია, ყველამ ერთად ვთქვით რომ ერთმანეთისთვის ამ თამაშს მოვიგებდით და ასეც მოხდა საბედნიეროდ. საბოლოო ჯამში კარგი გამოცდილება მივიღეთ, გავედით შემდეგ ეტაპზე, რომელიც ხორვატიაში გრძელდება, წინ ძალიან რთული თამაშები გველის, რეალურად ჩვენზე ძლიერი გუნდებია, მაგრამ ძალას არ დავზოგავთ რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ, ეს კიდევ ერთი დიდი გამოცდილება იქნება, რომლისთვისაც ვემზადებით აქტიურად.“

შეგახსენებთ, რომ ტატიშვილმა სადებიუტო ევროტურნირზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო.უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, TMC თბილისის სახელით მოასპარეზე "მედიკოსებმა" სამ გუნდიან I ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და მეინ რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვეს.

  © SBM, 2016-2024