ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე მფკ ტატიშვილის მეტოქეები ცნობილია

ყველა სიახლე
05 ივლისი 2018


დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართა. ევროსარბიელზე საქართველოს სახელს, ფუტსალის ლიგის წლევანდელი გამარჯვებული მფკ ტატიშვილი დაიცავს, რომელიც ახალი ფორმატით გასამართ ევროტურნირზე TMC TBILISI-ს სახელით გამოვა.

„მედიკოსები“ ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებენ. წილისყრამ ისინი სამ გუნდიან I ჯგუფში მოახვედრა, სადაც მათი მეტოქეები მოლდოვის ჩემპიონი დინამო-ჩისინაუ და შვეიცარიის ჩემპიონი ლაშო დეფო იქნებიან. ჯგუფის თამაშებს 28 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით ქალაქი კიშინიოვი უმასპინძლებს. მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლებას მხოლოდ ერთი გუნდი მოიპოვებს.

თუკი ალე ძაბირაძის შეგირდები აღნიშნულ ბარიერს წარმატებით დაძლევენ, მეინ რაუნდში ისინი მეექვსე ჯგუფში მოხვდებიან, სადაც მათ გარდა ელიტ რაუნდის საგზურისთვის ყაზახური აქტობე, ხორვატიული ნოვო ვრიემე მაკარსკა და საკვალიფიკაციო ეტაპზე B გუფის გამარჯვებული იბრძოლებენ.

Sbm.ge წილიყრის შედეგების შეფასება საქართველოს ჩემპიონის მთავარ მწვრთნელს სთხოვა

ალე ძაბირაძე:  "რთული ჯგუფი შეგხვდა, ჩვენი გუნდი პირველად  ასპარეზობს  ფუტსალის  ჩემპიონთა ლიგაზე და ეს დიდი  გამოცდილება იქნება.

სამ გუნდიანი ჯგუფი შეგხვდა, ორივე თამაში  ძალიან  რთული იქნება, განსაკუთრებით კი მოლდოვის ჩემპიონს  გამოვყოფდი, რადგან მასპინძელია  და  შესაბამისად  უპირატესობა ექნება.

გუნდში  სიახლეებია, ტატიშვილის  რიგები თორნიკე  ბუკიამ და იუსტინას ზაგურსკასმა დატოვეს, ბუკიას ნაცვლად კი ახალგაზრდა  მეკარე  ალი ასლანი დავიმატეთ, რომელიც  მიმდინარე  ჩემპიონატში "აგორაში" ასპარეზობდა. 

 16 ივლისს  თბილისში  დავიწყებთ  ვარჯიშს, 22 ივლისს კი გავემგზავრებით  ურეკში10 დღიან  შეკრებაზე, სადაც ფეხბურთელებს ორჯერადი ვარჯიში ჩაუტარდებათ. აგვისტოში დაგეგმილი გვაქვს  ორი ამხანაგური მატჩი სომხეთის  ჩემპიონთან. მაქსიმალურად  ვცდილობთ  ჩემპიონთა  ლიგას  მომზადებული  შევხვდეთ, ჩვენი მიზანი შემდეგ  ეტაპზე  გასვლაა და  მიზნის მისაღწევად ყველაფერს  გავაკეთებთ."  

 

  © SBM, 2016-2024