ქართული ფუტსალი საზღვრებს გარეთ!
ყველა სიახლე15 ივნისს, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წ.წ სეზონი მფკ ტატიშვილის ტრიუმფით დასრულდა. ალექსანდრე ძაბირაძის შეგირდებმა დაძაბულ ფინალურ სერიაში „კოლხი-გულრიფში“ დაამარცხეს და საქართველოს საუკეთესო კლუბის წოდება პირველად მოიპოვეს. სწორედ „მედიკოსები“დაიცავენ საქართველოს ღირსებას უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, სადაც ისინი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვებიან.
წლევანდელი წელი წარმატებული გამოდგა საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისთვისაც - ცხრა მათგანმა, ხუთი სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
Sbm.ge ქართული ფუტსალის საზღვრებს გარეთ წარმატებების შესახებ, თავად მათ შემოქმედებს გაესაუბრა.
ქართველი ლეგიონერების ბუთა კაკაბაძისა და გია ნიყვაშვილის “ვალეტამ” გასული სეზონის მოქმედი ჩემპიონი ლუქსოლი დაამარცხა და მალტის ჩემპიონი გახდა.
ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში ვალეტამ დიდი ანგარიშით სძლია მეტოქეს. მნიშვნელოვან შეხვედრაში სამი გოლით გია ნიყვაშვილი გამოირჩა. ფინალური სერიის მეორე შეხვედრაში ქართველების გუნდმა პენალტების სერიაში იმარჯვა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა!
გია ნიყვაშვილი: „საკმაოდ რთული იყო გამარჯვების მოპოვება, რადგან მეტოქე ძლიერი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, რამდენიმე ბრაზილიელი ლეგიონერიც ჰყავდათ. დაძაბული და საინტერესო ფინალი გამოვიდა.
ჩემპიონატს რაც შეეხება ათ გუნდიანია, ძლიერი გუნდები ასპარეზობენ. რთული იყო თითოეული თამაში. ჩემპიონობა თავდაუზოგავი შრომის შედეგია. დაგვიფასდა მუშაობა და გავახარეთ ჩვენი დიდი ოჯახი.“
ბუთა კაკაბაძე: “ მალტის ჩემპიონობა არ იყო ადვილი, როგორც არ უნდა ჩანდეს. ძალიან დიდი შრომა ჩაიდო ამ მიზნის მისაღწევად. ლეგიონერებზე ლიმიტია დაწესებული, ჩვენ კონკურენტ გუნდს საკმაოდ ძლიერი უცხოელი მოთამაშეები ჰყავდა და ქონდათ მეტი ლავირების საშუალებაც. მოხარული ვარ რომ ვალეტამ შეძლო და ფინალში შარშანდელი ჩემპიონი ლუქსოლი დაამარცხა .
საკუთარი ასპარეზობით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, საკუთარ თავზე კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაო, თუმცა ამ სეზონს დადებითად შევაფასებდი.
მალე ვალეტას გუნდთან ერთად წავალთ ჩემპიონთა ლიგაზე. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ბიჭებს ოქროს მედლები და ავღნიშნო, რომ ესეთი ნაყოფიერი წელი ფუტსალში არ გვქონია, ქართველი ფეხბურთელები, ბელორუსიის, რუსეთის, სერბეთის, უკრაინის და მალტის ჩემპიონები გავხდით. ასევე მინდა ტატიშვილის გუნდს მივულოცო საქართველოს ჩემპიონობა და წარმატებები ვუსურვო“
წლევანდელი სეზონი წარმატებული გამოდგა საქართველოს ნაკრების მეკარე ზვიად კუპატაძისთვის. მისმა „იუგრამ“ დუბლი შეასრულა - რუსეთის ჩემპიონის ტიტულს მეორედ დაეუფლა, ხოლო თასი მესამედ მოიპოვა. წელს პირველად მოხდა, რომ კლუბის არსებობის ოცდახუთწლიაანი ისტორიის მანძილზე, გუნდმა ორივე ტიტული ერთდროულად მოიგო.
კუპატაძემ წლევანდელ სეზონში ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვა. თავად ქართველმა მეკარემ ჩემპიონატში მე-20 გოლი გაიტანა, რაც რუსეთის სუპერლიგაში, მეკარეებს შორის საუკეთესო შედეგია.
ზვიად კუპატაძე, რუსეთის ჩემპიონი: „რუსეთის ჩემპიონი მეორედ გავხდი. რუსეთის თასი მესამედ მოვიპოვეთ. წელს პირველად კლუბის 25 წლიან ისტორიაში პირველად მოვიგეთ თასიც და ჩემპიონატიც, ამავდროულად რეგულარული ჩემპიონატიც პირველ ადგილზე დავასრულეთ. ბრაზილიის, ესპანეთის და რუსეთის ჩემპიონატები მსოფლიოში ყვლაზე პრესტიჟულ ჩემპიონატად ითვლება. ქართველ გულშემატკივარს მინდა ვუთხრა,რომ რუსეთის ჩემპიონობა ფუტსალში იგივეა რაც ფეხბურთში ესპანეთის ან ინგლისის ჩემპიონი გახდე! პირადი მიღწევიდან წელს გუნდმა ყველაზე ნაკლები გოლი გავუშვით, მე კი მე-20 გოლი გავიტანე, რაც რუსეთის სუპერლიგაში მეკარეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.“
წარმატებულად იასპარეზეს და ბელარუსის ჩემპიონის ტიტულს დაეუფნენ ირაკლი თოდუა, არჩილ სებისკვერაძე და ნიკოლოზ ზედელაშვილი. "ლიდსელმაში" 4 წლის განმავლობაში მესამედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ქართველი ლეგიონერებით დაკომპლექტებულმა გუნდა ფინალურ სერიაში 3-0 გომელის ВРЗ სძლია.
ირაკლი თოდუა: „ბელარუსიის ჩემპიონატი საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატია, აქ ლეგიონერების უმეტესობა უკრაინელები არიან, რომელთაგანაც რამდენიმე უკრაინის ნაკრების წევრიც არის. ასევე არიან ბრაზილიელი ლეგიონერები და ჩვენ, ქართველები! რეგულარულ ჩემპიონატში 16 გუნდი მონაწილეობს, საიდანაც 12-13 გუნდს აქვს ამბიცია პლეი-ოფში მოხვედრის.
"ლიდსელმაში" ბოლო 4 წელში მესამედ გახდა ჩემპიონი. ფინალამდე იყო ორი რთული ეტაპი, სადაც ტრავმების გამო 3 ძირითადის ფეხბურთელი დავკარგეთ, ხოლო ნახევარფინალში შარშანდელი ჩემპიონი "სტალიცა" დავამარცხეთ სერიაში 2-1 და ზოგადად ყველა აღნიშნავდა, რომ ეს იყო ნაადრევი ფინალი და ჩვენი წყვილიდან გამარჯვებული გახდებოდა ჩემპიონი. ფინალურ სერიაში გომელის გუნდი ВРЗ სერიაში 3-0 დავამარცხეთ. ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, თუმცა ყველა თამაში დაძაბული და რთული გამოდგა.
3 ქართველი ფეხბურთელი ვთამაშობთ ერთად. მე და არჩილ სებისკვერაძე შედარებით ახალი მისულები ვართ გუნდში, ხოლო ნიკოლოზ ზედელაშვილი უკვე წლებია იქ ასპარეზობს. სასიამოვნოა, რომ წელს არამარტო ჩვენ გავხდით ჩემპიონები ბელარუსში არამედ კუპატაძე რუსეთში, რონინიო და ფუმასა უკრაინაში, კაკაბაძე და ნიყვაშვილი მალტაზე, ტალესი სერბეთში...
ამ მიღწევებით ქართული ფუტსალის ძალა რეალურად გამოჩნდა, ნათელია რომ გვაქვს მშვენიერი შანსი გავიდეთ დიდ ტურნირებზე რეგულარულად.
ასევე მინდა ავღნიშნო საქართველოს ჩემპიონატის პროგრესი, რის გარეშეც ნაკრების წარმატება წარმოუდგენელია. აღსანიშნავია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სპორტულ სააგენტო SBM-ის ერთობლივი მუშაობა, რომლებიც უმაღლეს დონეზე ატარებენ საქართველოს ფუტსალის ლიგას.“
წლევანდელ სეზონში „ქართველი ჩემპიონების სია“ ამით არ დასრულებულა. უკრაინის საკმაოდ ძლიერ ჩემპიონატში, “პროდექსიმის“ რიგებში ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ საქართველოს ნაკრების ნატურალიზირებული მოთამაშეები ფუმასა და რონინიო. ეს უკანასკნელი კი სულაც სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
სერბული „ეკონომაცის“ რიგებში ჩემპიონობა იზეიმა კიდევ ერთმა „ბრაზილიელმა ქართველმა“ თალეს ფეიტოსამ.