კოლხი-გულრიფში სადებიუტო სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძოლებს!

ყველა სიახლე
06 ივნისი 2018


ფუტსალის  ლიგის  2017/18 წწ. სეზონის ფინალში, ტატიშვილის მეტოქე წლევანდელი გათამაშების  დებიუტანტი, კოლხი-გულრიფში იქნება. ნახევარფინალური სერიის  მესამე გადამწყვეტ  შეხვედრაში  "შავი ზღვისპირელებმა" აგორა დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში 3:1 დაამარცხეს. მატჩში ანგარიში  მეშვიდე  წუთზე  აგორას ბრაზილიელმა  ლეგიონერმა  ბრუნო მელომ  გახსნა, წონასწორობა მეთოთხმეტე  წუთზე კოლხის ფეხბურთელმა  დიმიტრი ანდღულაძემ აღადგინა, ბაბაქ ალავერიქჰანმა 26-ე წუთზე თავისიანები ეფექტური გოლით დააწიანურა, საბოლოო წერტილი კი შეხვედრაში კოლხის კიდევ ერთმა ირანელმა ლეგიონერმა, აბდულ რაჰმან სარანმა დასვა - 3:1.  

რეგულარული სეზონი გუნდებმა I-II ადგილებზე დაასრულეს. ისევე როგორც სატურნირო ცხრილში, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა "მედიკოსების" მხარესაა - ალექსნადრე ძაბირაძის შეგირდების ანგარიშზე, სამიდან სამი მოგება.

ამირან ცხომარია, კოლხი-გულრიფში: „მინდა მივულოცო ჩემს ბიჭებს, ჩემი გუნდისთვის ძალიან დიდი წარმატებაა. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო   მოწინააღმდეგეს. ჩვენმა  გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ფინალი გვეთამაშა, მიუხედავად იმისა, რომ  პირველი თამაში  წავაგეთ, ვფიქრობ შევძელით გამოსწორება და დამსახურებულად მოვიპოვეთ ფინალის საგზური. რაც  შეეხება  ჩვენს  მეტოქეს  ფინალში, ტატიშვილთან  რეგულარულში უარყოფითი ბალანსი  გვაქვს, თუმცა  გამორიცხული არაფერია, ფუტსალში  ყველაფერი ხდება და ჩვენ ყველაფერს  გავაკეთებთ  იმისათვის, რომ  გავხდეთ  ჩემპიონები.“

დავით  ბობოხიძე, აგორა: „მივულოცავ  მოწინააღდეგეს, ყველა  თამაში  კარგად დავიწყეთ, თუმცა  გაგრძელება  არ   გვივარგოდა. კონცენტრაცია  დავკარგეთ, ბავშვური შეცდომები დავუშვით და არ გვაპატია მოწინააღმდეგემ, მათ მსგავსი  შეცდომები არ  დაუშვეს.დამსახურებულად  გაიმარჯვეს. მესამე  ადგილისთვის  ბრძოლა ფსიქოლოგიური მომენტიდან  გამომდინარე  ცოტა  გაგვიჭირდება ,რადგან  ფინალში  გასვლას  ვგეგმავდით, თუმცა  პროფესიონალები ვართ  და   მოსაგებად  გავალთ  ბუნებრივია  მოედანზე.“

რაც შეეხება ნახევარფინალურ სერიაში დამარცხებულ აგორას  და სტუ-თელასს, გუნდები მესამე  ადგილისთვის  იბრძოლებენ. ფინალური  სერია 8 ივნისს დაიწყება და ორ მოგებამდე გასტანს.   

 

 

  © SBM, 2016-2024