ფუტსალის ლიგა 2016/17: კანონზომიერი მესამე ტური. წინ სანაკრებო პაუზაა
ყველა სიახლე25 ნოემბერს, თბილისის ახალმა სპორტის სასახლემ საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის III ტურის შეხვედრებს უმასპინძლა. წინა ტურისგან განსხვავებით, ამჯერად ყველაფერმა განსაკუთრებული მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა, თუმცა რამოდენიმე შეხვედრა უდაოდ საინტერესო გამოდგა.
ერთ-ერთი ასეთი, ტურის სასტარტო დაპირისპირება გამოდგა, თბილისი ვარიორსსა და მგლებს შორის. მატჩი ორმხრივ იერიშებში წარიმართა. შეხვედრის პირველ ნახევარში უფრო ზუსტნი მგლების ფეხბურთელები ამოჩნდნენ და ტაიმის მიმდინარეობისას სამი ბურთითაც კი დაწინაურდნენ. ჰეთ თრიკით გამოირჩა მათი შემტევი, სერგი მაჭარაშვილი. „მებრძოლებმა“ მხოლოდ ის მოახერხეს, რომ ტაიმის მიწურულს სხვაობა ორ ბურთამდე შეამცირეს. მეორე ნახევარში ვარიორსის ფეხბურთელები უფრო გააქტიურდნენ, რამაც საბოლოოდ შედეგიც გამოიღო, მიუხედავად იმისა, რომ ვასილ გოგოლიძის გოლს, მგლებმა უმალვე ლაშა გიორგობიანის გოლით უპასუხეს და ორ ბურთიანი სტატუსკვო აღადგინეს, „მებრძოლები“ გაცილებით დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. იმავე გოგოლიძეს ორჯერ მიეცა შანსი, როდესაც ჯერ 6 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გარდასახა გოლად და შემდეგ 10 მეტრიანზეც მოეცარა ხელი. ამდენი უიღბლობის ფონზე ვარიორსს ეყო ძალა დადებითი შედეგისთვის ებრძოლა და მატჩის დასრულებამდე 1:35 წუთით ადრე ტაბლოზე 5-5 დაფიქსირდა. განსაკუთრებით დრამატული ბოლო 9 წამში განვითარებული მოვლენები აღმოჩნდა - ვარიორსის ფეხბურთელები 39:51 წუთზე მეექვსედ არღვევენ თამაშის წესს და მათ კარში 10 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ინიშნება, რომლის რეალიზებასაც მგლები ვერ ახერხებენ, ბესიკ გოლიაძე იგერიებს დარტყმულს. დამატებაზე თამაშის მცდელობისას მეკარეზე წესების დარღვევა ფიქსირდება და მგლების მეშვიდე ფოლს მათ კარში მოყვა 10 მეტრიანი დარტყმა, რომელიც მიშა კურატიშვილმა გოლად გარდასახა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 6-5 ვარიორსის სასარგებლოდ.
ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა მფკ ტატიშვილმა. ამჯერად „მედიკოსების“ მეტოქე ჩემპიონატის აუტსაიდერი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი იყო. ფავორიტმა შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა და დიდი ანგარიშით 7-0 სძლია მეტოქეს. მუხედავად ასეთი მარცხისა, აღსანიშნავია, რომ ეს იბსუ-ს ყველაზე კარგი მატჩია მიმდინარე სეზონში.
პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში მფკ აგორამ. წინა ორ შეხვედრაში ნათამაშები ფრეების შემდეგ, ამ ტურში მათი მეტოქე მფკ თბილისი იყო. თუკი შეხვედრის პირველ ნახევარში შედარებით თანაბარი ორთაბრძოლა შედგა, მეორე ტაიმი სრულად აგორას ფეხბურთელთა კარნახით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 8-1 დასრულდა. ჰეთ თრიკი შეასრულა წინა ტურის გმირმა, დავით გეგეშიძემ.
საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა ე.წ „შავი ზღვისპირული დერბი“ აფხაზეთისა და დინამო ბათუმის მონაწილეობით. მატჩის დასაწყისშივე ბათუმლები ორი ბურთით დაწინაურდნენ, თუმცა აფხაზეთის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მოახერხეს შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გასვლა. მატჩის 29-ე წუთზე მეტოქეებმა კიდევ ერთხელ გაცვალეს შედეგიანი დარტყმები - 3-3. ამის შემდეგ კი გოლები მხოლოდ აფხაზეთის კარში გადიოდა. საბოლოოდ 6-3 დინამოს სასარგებლოდ.
გამარჯვება სათამაშო კლასისა და მაღალი საშემსრულებო ოსტატობის ხარჯზე -ასე შეიძლება ეწოდოს ტურის დასკვნით შეხვედრაში სტუ-თელასის მიერ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის ძლევას. „ენერგეტიკოსებმა“ პირველ რიგში სათამაშო კლასის დამსახურებით, ფაქტიურად უშანსოდ დატოვეს ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, საკმაოდ მებრძოლი და სიმპატიური მეტოქე. მასპინძელთა ხუთ გოლს, სტუმრებმა მხოლოდ ერთით უპასუხეს. 5-1 თელასის სასარგებლოდ.
ამრიგად, სამი ტურის შემდეგ 100% შედეგით სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად მფკ ტატიშვილი ლიდერობს, რომელსაც ორი ქულით ჩამორჩება სტუ-თელასი. 6-6 ქულით III-IV ადგილებს ვარიორსი და დინამო იკავებენ.
25.11.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა 2016/17. III ტური
მფკ თბილისი ვარიორსი - მფკ მლები 6-5 (2-4)
გოლები: 07:31’ მაჭარაშვილი (0-1), 08:42’ მაჭარაშვილი (0-2), 10:50’ გეგეშიძე (1-2), 13:11’ მაჭარაშვილი (1-3), 14:36’ ქსოვრელიშვილი (1-4), 19:50’ კურატიშვილი 10მ (2-4), 29:38’ გოგოლიძე (3-4), 32:20’ გიორგობიანი (3-5), 33:27’ ალფონსე ები (4-5), 37:25’ გეგეშიძე (5-5), 39:51’ კურატიშვილი 10მ (6-5)
გაფრთხილება: 30:25’ ქსოვრელიშვილი (მგლ), 33:46’ გიორგობიანი (მგლ), 39:51’ცეცაძე (ვარ), 39:52’ გეგეშიძე (ვარ)
მფკ ტატიშვილი - იბსუ 7-0 (3-0)
გოლები: 10:34’ კობაიძე (1-0), 15:00’კეკელია (2-0), 16:01’ სიგუნავა (3-0), 28:12’ სილაგავა (4-0), 28:46’ ჭუმბურიძე (5-0), 34:47’ ლუკავა (6-0), 39:20’ კობაიძე (7-0)
მფკ თბილისი - მფკ აგორა 1-8 (0-2)
გოლები: 17:15’ დაჩანიძე (0-1), 18:44’ ჯოხაძე 10მ (0-2), 20:35’ გეგეშიძე (0-3), 22:39’ კირთაძე (1-3), 29:07’ ნიკვაშვილი 6მ (1-4), 30:19’ გიორგაია (1-5), 35:16’ გიორგაია (1-6), 36:30’ გეგეშიძე (1-7), 38:35’ გეგეშიძე (1-8)
გაფრთხილება: 15:29’ ჯანელიძე (თბ), 18:13; ბიწაძე (თბ), 28:27’ კირთაძე (თბ)
გაძევება: 29:07’ ზატუაშვილი (თბ)
მფკ აფხაზეთი - მფკ დინამო (ბთ) 3-6 (2-2)
გოლები: 00:44’ შამილაძე (0-1), 06:06’ ნინიძე (0-2), 16:31’ ღუღუნიშვილი (1-2), 18:39’ ახალაია (2-2), 28:31’ ბროლაძე (2-3), 28:54’ მაჩიტიძე (3-3), 32:33’ ფარტენაძე (3-4), 35:31’ გალოიანი (3-5), 39:55’ ნინიძე (3-6)
სტუ-თელასი - ბსუ (ბთ) 5-1 (3-0)
გოლები: 11:20’ თოფურია (1-0), 12:30’ ასათიანი (2-0), 16:14’ თოფურია (3-0), 29:35’ მამულაძე (3-1), 31:26’ მაისაია (4-1), 37:16’ წვერავა (5-1)
გაფრთხილება: 36:06’ ნადარაია (ბსუ)
6 და 7 დეკემბერს, ფუტსალში საქართველოს ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას თბილისში, სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართავს. წინა სამატჩო შეკრების გამო, ფუტსალის ლიგა 13 დეკემბერს მეოთხე ტურის მატჩებით განახლდება. თავდაპირველად ბათუმური კლუბები გამართავენ საშინაო შეხვედრებს. ტური 16 დეკემბერს თბილისში დასრულდება.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი „SALLER”, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“.
მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge