ფუტსალის ლიგის II ტური სენსაციურად დასრულდა

ყველა სიახლე
19 ნოემბერი 2016


18 ნოემბერს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის II ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა გაიმართა. საინტერესო ბათუმური სტარტის შემდეგ, ტური დედაქალაქშიც არანაკლებ საინტერესოდ გაგრძელდა, რომლის კულმინაციაც დასკვნით შეხვედრაში დაფიქსირებული სენსაცია გამოდგა.

პარასკევის სათამაშო დღე, ორი აუტსაიდერის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თბილისი ვარიორსის დაპირისპირებით დაიწყო. როგორც მოსალოდნელი იყო, „სტუდენტებმა“ ვერც ამ შეხვედრაში შეძლეს განსაკუთრებულის ჩვენება და დიდი ანგარიშით 9-3 დამარცხდნენ. უკვე ტრადიციულად, „მებრძოლთა“ რიგებში ლიდერის ფუნქცია იტვირთა მათმა კოტ დ’იუვარელმა ლეგიონერმა, აჰი ალფონსე ებიმ, რომელმაც სეზონის პირველი პოკერი გაიფორმა.

სასტარტო მატჩისგან განსხვავებით, გაცილებით დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა მომდევნო შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს მფკ მგლები და აფხაზეთი დაუპირისპირდნენ. თუკი ამ უკანასკნელს აქტივში სამი ქულა უკვე მოპოვებული ქონდა, ლიგის დებიუტანტს პირველი ქულის აღება ქონდა მთავარ მიზნად. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის განმავლობაში ჯერ აფხაზეთის ფეხბურთელები ფლობდნენ ორ ბურთიან უპირატესობას, შემდეგ კი „მტაცებლების“ ფანტასტიური „ქამ ბექის“ შედეგად ისინი დაწინაურდნენ ორი ბურთით, თუმცა საბოლოოდ უხვგოლიანი თრილერი, ფრედ 6-6 დასრულდა. აღნიშვნის ღირსია მგლების შემტევის, სერგი მაჭარაშვილის თამაში, რომელმაც საკუთარ ანგარიშზე სამი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ჰეთ თრიკით დაასრულა შეხვედრა წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა მელტონ ახალაიამ.

დღის და ტურის კულმინაცია კი დასკვნითი შეხვედრა გამოდგა, რომელშიც ერთმანეთს ლიგის დებიუტანტი მფკ აგორა და ვიცე-ჩემპიონი სტუ-თელასი დაუპირისპირდნენ. ხალხმრავალი ტრიბუნების ფონზე მიმდინარე დაპირისპირება, ჯერ-ჯერობით უდაოდ სეზონის საუკეთესოს წოდებას იმსახურებს. დებიუტანტმა მატჩი თავიდანვე აქტიურად დაიწყო, თუმცა ანგარიში მეექვსე წუთზე „ენერგეტიკოსებმა“ გახსნეს - გოლი ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნებული ლეგიონერების კომბინაციით გავიდა, არჩილ სებისკევრაძემ ტექნიკური დარტყმით, კახა მაისაიას დროული გადაცემა „დააფასა“. გოლის შემდეგ შეხვედრა დინამიურად განვითარდა, არცერთი გუნდი არ ცდილობდა ბოლომდე გარისკვას, თუმცა გოლის გატანის შანსი ორივე მათგანს ქონდა. 30-ე წუთზე კი შარშანდელი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა, გია ნიკვაშვილმა თელასის მცველებს დაშვებული შეცდომა არ აპატია და სოლო რეიდი უძლიერესი დარტყმით დააგვირგვინა - 1-1. ავთანდილ ასათიანის შეგირდები უმალვე სამ ქულის ასაღებად განეწყვნენ და შეტევაში ხუთ ფეხბურთელზე გადაეწყვნენ, რამაც შედეგი სამ წუთში გამოიღო - დავით ბობოხიძის აქტიურობის შედეგად, გიორგი სოზაშვილმა თავისიანები კვლავ დააწინაურა - 1-2. გაშვებულმა გოლმა აგორას ფეხბურთელები არ გატეხა, ისინი განაგრძობდნენ აქტიურად იერიშებს, თუმცა უშედეგოდ. მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე, მათმა მთავარმა მწვრთნელმა დავით წინწკალაძემ მეხუთე ფეხბურთელის გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო. თითქოს ფავორიტის გამარჯვებას წინ არაფერი ედგა, თუმცა საფინალო სირენამდე სამი წამით ადრე, გია ნინოშვილმა შეძლო მეტოქის დაცვაში ნაპრალის პოვნა და კარის წინ ეულად მყოფ დავით გეგეშიძეს საბოლოო და სენსაციური შედეგი დააფიქსირებინა - 2-2.

18.11.2016. ქ.თბილისი. საქართველოს ფუტსალის ლიგა. II ტური

იბსუ - თბილისი ვარიორსი 3-9 (1-7)

გოლები: 00:44’ გიორგი სეფერთელაძე (1-0), 03:48’ ალფონსე ები (1-1), 04:41’გოგოლიძე (1-2), 04:53’ ალფონსე ები (1-3), 05:38’ გეგეშიძე (1-4), 10:08’ გოგოლიძე (1-5), 12:36’ ესოუგუო (1-6), 16:28’ ალფონსე ები (1-7), 22:08’ მამაცაშვილი (2-7), 27:36’ ყიფშიძე (3-7), 36:47’ გეგეშიძე (3-8), 37:49’ ალფონსე ები (3-9)

მფკ მგლები - აფხაზეთი 6-6

გოლები: 14:29’ ახალაია (0-1), 15:57’ ახალაია (0-2), 18:03’ მაჭარაშვილი 10მ (1-2), 21:12’ გიორგობიანი (2-2), 24:41’ მაჭარაშვილი (3-2), 26:17’ ქსოვრელიშვილი (4-2), 27:38’ ღუღუნიშვილი (4-3), 29:32’ მაჭარაშვილი (5-3), 31:23’ ახალაია (5-4), 32:00’ ქეშელაშვილი (5-5), 32:30’ კვარაცხელია (5-6), 32:42’ გიორგობიანი (6-6)

მფკ აგორა - სტუ-თელასი 2-2

გოლები: 05:58’ სებისკვერაძე (0-1), 29:39’ ნიკვაშვილი (1-1), 32:53’ სოზაშვილი (1-2), 39:57’ გეგეშიძე (2-2)

15.11.2016. ქ.ბათუმი. საქართველოს ფუტსალის ლიგა. II ტური.

ბსუ (ბთ) - მფკ ტატიშვილი 2-6

გოლები: 02:55’ გაბუნია (1-0), 10:37’ სიგუნავა (1-1), 15:53’ ფუტკარაძე 10მ (2-1), 17:57’ კობაიძე 6მ (2-2), 19:29’ კობაიძე (2-3), 35:04’ სიგუნავა (2-4), 36:15’ სიგუნავა (2-5), 36:39’ კობაიძე (2-6)

მფკ დინამო (ბთ) - მფკ თბილისი 6-3

გოლები: 00:59’ გალოიანი (1-0), 03:09’ ღუდუშაური (1-1), 08:34’ ნინიძე (2-1), 11:59’ ბიწაძე (2-2), 15:46’ თოდაძე (3-2), 16:21’ შამილაძე (4-2), 20:20’ შამილაძე(5-2), 29:26’ გალოიანი (6-2), 39:32’ ღუდუშაური (6-3)

 

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი „SALLER”, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“.

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

 

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

  © SBM, 2016-2024