ბათუმში დაწყებული II ტური თბილისში დასრულდება

ყველა სიახლე
17 ნოემბერი 2016


18 ნოემბერს, ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის მეორე ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა გაიმართება.

სათამაშო დღე, 16:00 სთ-ზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (იბსუ) და თბილისი ვარიორსის კლუბების დაპირისპირებით აიღებს სტარტს. პირველივე ტურში ორივე მათგანი, ერთნაირი ანგარიშით 6-2 დამარცხდა. თუკი „სტუდენტებს“ აფხაზეთთან შანსიც არ ქონიათ, „მებრძოლებმა“ ჩემპიონატის მთავარ ფავორიტთან, მფკ ტატიშვილთან დაწინაურებაც კი მოახერხეს, თუმცა შემდეგ ლოგიკურად და „დამსახურებულად“ დათმეს სამი ქულა.

მომდევნო შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ მფკ მგლები და აფხაზეთი წარსდგებიან. „შავიზღვისპირელებისგან“ განსხვავებით, რომლებმაც სეზონის სტარტი გამარჯვებით აღნიშნეს, მათ მეტოქეს დებიუტი სათანადო ვერ გამოუვიდა და ბრინჯაოს პრიზიორ თბილისთან 6-2 დათმო და სწორედ ახლა შეეცდება პირველი ქულებისთვის ბრძოლას. მატჩი 18:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.

სათამაშო დღე, ტურის ცენტრალური შეხვედრით დასრულდება, რომელშიც ერთმანეთს ლიგის დებიუტანტი, მფკ აგორა და საქართველოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონი სტუ-თელასი დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდისთვის სეზონის დასაწყისი შედეგიანი აღმოჩნდა, აგორამ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბთან შეძლო პირველი ქულის მოპოვება (2-2), ხოლო ავთანდილს ასათიანის შეგირდებმა, დინამო ბათუმს სძლიეს 5-2. მატჩი 20:00 სთ-ზე დაიწყება.

18.11.2016. ქ.თბილისი.საქართველოს ფუტსალის ლიგა. II ტური

16:00 იბსუ - მფკ თბილისი ვარიორსი
18:00  მფკ მგლები - მფკ აფხაზეთი
20:00 მფკ აგორა - სტუ-თელასი

რაც შეეხება ტურის უკვე გამართულ ორ დაპირისპირებას, 15 ნოემბერს ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში, ადგილობრივმა კლუბებმა, პირველად ლიგის ისტორიაში საშინაო შეხვედრები მასპინძლის სტატუსით გამართეს.

განსაკუთრებით საინტერესო და დაძაბული, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (ბსუ) და გათამაშების ფავორიტის, მფკ ტატიშვილის დაპირისპირება გამოდგა. სავსე ტრიბუნების ფონზე მიმდინარე შეხვედრის პირველი ტაიმი უდაოდ სეზონის საუკეთესოთა შორის მოხვედრის კანდიდატია. „სტუდენტებმა“ გამოცდილ მეტოქეს არაფერი დაუთმეს და ანგარიშში დაწინაურებაც ორჯერ მოახერხეს, თუმცა სათამაშო კლასმა მაინც თავისი გაიტანა - „მედიკოსებმა“ ტაიმიც და საბოლოოდ შეხვედრაც სათავისოდ დაასრულეს და ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმეს - 6-2. სამ-სამი გოლია ლაშა სიგუნავასა და ლევან კობაიძის ანგარიშზე.

თანაქალაქელებისგან განსხვავებით, „არასტუმართმოყვარე“ გამოდგა დინამო ბათუმი, რომელმაც პირველ საშინაო შეხვედრაში თბილისი დაამარცხა 6-3. პირველი მატჩისგან განსხვავებით, ეს დაპირისპირება ნაკლებ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ იმარჯვა იმ გუნდმა, ვინც მეტოქეზე ნაკლები შეცდომა  დაუშვა. 

15.11.2016. ქ.ბათუმი. საქართველოს ფუტსალის ლიგა. II ტური.

ბსუ (ბთ) - მფკ ტატიშვილი 2-6
გოლები: 02:55’ გაბუნია (1-0), 10:37’ სიგუნავა (1-1), 15:53’ ფუტკარაძე 10მ (2-1), 17:57’ კობაიძე 6მ (2-2), 19:29’ კობაიძე (2-3), 35:04’ სიგუნავა (2-4), 36:15’ სიგუნავა (2-5), 36:39’ კობაიძე (2-6)

მფკ დინამო (ბთ) - მფკ თბილისი 6-3
გოლები: 00:59’ გალოიანი (1-0), 03:09’ ღუდუშაური (1-1), 08:34’ ნინიძე (2-1), 11:59’ ბიწაძე (2-2), 15:46’ თოდაძე (3-2), 16:21’ შამილაძე (4-2), 20:20’ შამილაძე(5-2), 29:26’ გალოიანი (6-2), 39:32’ ღუდუშაური (6-3)

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი „SALLER”, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“.

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

 

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

  © SBM, 2016-2024