„SL ACADEMY” სერიაში დაწინაურდა და ლიგა 3-ის ჩემპიონობასთან 1 ნაბიჯშია!

ყველა სიახლე
21 მაისი 2025


ფუტსალის ლიგა 3-ის ფინალურ სერიაში „SL ACADEMY” UG 2-თან დაწინაურდა და ჩემპიონობასთან 1 ნაბიჯში არიან!

გუნდების მეოთხე დაპირისპირება 21 მაისს, 19:30-ზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. როგორც მოგეხსენებათ, ფუტსალის ლიგა 3-ში ფინალური დაპირისპირება მიმდინარეობს. სერიაში ანგარიში 2:1 გვაქვს და იმ შემთხვევაში თუ 21 მაისს „სასკოლო აკადემია“ კიდევ ერთ შეხვედრას მოიგებს, ჩემპიონის ტიტულსაც „მოირგებს“!

რაც შეეხება 16 მაისს გამართულ შეხვედრას, გუნდმა „უნივერსიტეტელები“ 6:3 დაამარცხეს. შეხვედრის სტარტი „UG 2”-სთვის საკმაოდ მისაღები აღმოჩნდა, მესამე წუთისთვის გუნდი უკვე 0:2-ს იგებდა.

სწრაფად გაშვებული 2 გოლის შემდეგ „სასკოლოს“ მოთამაშეები გააქტიურდნენ, რამაც შედეგი ნამდვილად გამოიღო. მე-14 წუთისთვის დავით წერეთლის და გიორგი აირაპეტიანის გოლებით ათანაბრებს „აკადემია“ და ტაიმს არ აგებს! შესვენებაზე 2:2 ანგარიშით გავიდნენ გუნდები.

მეორე ნახევარში დავით წერეთელმა საერთოდ წინ გაიყვანა საკუთარი გუნდი 3:2! ჩვენს შეხვედრაში ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა - საბა დავითულიანის გადაცემის შემდეგ ნიკოლოზ კოპალიანმა მოახერხა გატანა 3:3!

მატჩის ბოლო 10 წუთშიც შევაბიჯეთ, სადაც მოვლენები სრულად „აკადემიის“ სასიკეთოდ წარიმართა. ბესარიონ არველაძის შეგირდებმა მიჯრით 3 გოლის გატანა და შეხვედრისთვის წერტილის დასმა მოახერხეს 6:3!

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეებად დავით წერეთელი და გიორგი ილურიძე (მეკარე) დასახელდნენ!

ფინალური სერიის მეოთხე მატჩი 21 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

LIVE – SBM.GE!

  © SBM, 2016-2025