"FLC03"-ის მშრალი სერია "ილიაუნისთან" გამარჯვებით დასრულდა!

ყველა სიახლე
18 დეკემბერი 2024


ფუტსალის ლიგა 2-ის მე-9 ტურის შეხვედრებს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ 11 და 16 დეკემბერს უმასპინძლა.

„სეუ“-მ „ქუთაისთან“ დაძაბულ ბრძოლაში 3-4 წააგო და სატურნირო ცხრილში პირველობა დაკარგა. მეოთხე წუთზე „სტუდენტები“ დაწინაურდნენ. მალევე ბაკურ გულუამ წონასწორობა აღადგინა, გიორგი ხუნდაძის გოლით კი „იმერლები“ წინ გავიდნენ და ტაიმი 2-1 მოიგეს. მეორე ნახევარში „სეუ“-მ ანგარიში ორჯერ გაათანაბრა (2-2, 3-3). საფინალო სირენამდე ხუთი წამით ადრე გიორგი ხუნდაძემ აქტივში მეორე გოლი მიითვალა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

კომფორტული უპირატესობით, 8-3, დაამარცხა „ტფილისმა“ „თსუ 2“ და ჩემპიონატში ლიდერობა დაიბრუნა. „დედაქალაქელები“ მეათე წუთზე სამი ბურთით ლიდერობდნენ. საწყისი ტაიმი 3-1 დასრულდა. მეორე ნახევარში „ტფილისის“ უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. შეხვედრაში პოკერით ლაშა ჯიქია გამოირჩა.

უცხვგოლიანი ფრე, 7-7, დაფიქსირდა „გორსა“ და „ბსსა“-ს შორის. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ერთბურთიან ჩამორჩენას „გორელებმა“ სამი გოლით უპასუხეს. ტაიმის დასრულებამდე გიორგი დიაკვნიშვილმა დუბლი შეასრულა და გუნდები 3-2-ზე გაიყარნენ. ოცდამეოთხე წუთზე „გორმა“ ორბურთიანი უპირატესობა დაიბრუნა, რასაც „აჭარლების“ მხრიდან ოთხი გოლი მოჰყვა (4-6). დაძაბულობა ბოლო წამებამდე გაგრძელდა. უკანასკენ წუთზე ლუკა ბერიანიძემ „ბსსა“-ს გაუტანა და მატჩი ფრედ დასრულდა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამარჯვება იზეიმა „FLC03”-მა. „ფალკონმა“ მეორე სამი ქულაც „ილიანისთან“ აიღო. მეჩვიდმეტე წუთამდე „სტუდენტებმა“ ექვსი გოლი გაუშვეს და მეტოქეს მნიშვნელოვნად ჩამორჩნენ. მეორე ნახევარში „ილიაუნიმ“ სხვაობა უმნიშვნელოდ შეამცირა და საბოლოოდ 7-3 დამარცხდა. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი გიგა ესიტაშვილმა და დაჩი საღარაძემ გაიფორმეს.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეოთხე და პირველი ტურების თითო გამოტოვებული შეხვედრა „თბილისი არენაზე“ 22 დეკემბერს გაიმართება.

  © SBM, 2016-2025