უხვგოლიან შეხვედრაში "დუშეთმა" "სულაქველიძის აკადემია" დაამარცხა!

ყველა სიახლე
21 დეკემბერი 2024


15 და 16 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა. სატურნირო ცხრილის ლიდერი კვლავ უცვლელია - "ს.ლ. აკადემია 2" ქულათა მაქსიმუმით პირველ ადგილზეა. 

ჩემპიონატის უდანაკარგო ლიდერმა მეხუთე ტურის შეხვედრაში "ბაქსვუდის სკოლა" დაამარცხა, ანგარიშით 7-1. "აკადემიამ" სამბურთიანი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა. თამაშის სცენარი არც დარჩენილ დროში შეცვლილა. პრესტიჟის გოლი "ბაქსვუდმა" ოცდამეხუთე წუთზე გაიტანა. ლუკა ღვინიანიძე, ლუკა მიქაბერიძე და დემეტრე სვანიძე გუნდს გამარჯვებაში ორ-ორი ბურთით დაეხმარნენ. 

დიდი სხვაობით, 10-2, იმარჯვა "ლოგოსმა" "კომაროვთან". ლევან ბენდელიანის პოკერით და შოთა კუპრავას დუბლით "ლოგოსმა" მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა და მეტოქემ თამაშში გარდატეხის შეტანა ვეღარ შეძლო. 

დაძაბული გამოდგა "ბეტისის აკადემისა" და "გრანდ ავლაბარს" შორის გამართული დაპირისპირება. "გრანდ ავლაბას" გიორგი ბაბაიანის დუბლითა და ილია ნუცუბიძის გოლით პირველ ტაიმში სამბურთიანი გაქცევა ჰქონდა. თორნიკე გულბახიანმა ჩამორჩენა შეამცირა. ბოლო წუთზე გიორგი ნოზაძის გოლით სხვაობა მინიმალური გახდა, მაგრამ "ბეტისმა" ანგარიშის შემოტრიალება ვერ შეძლო და 3-2 დამარცხდა. 

უხვგოლიან მატჩში 7-5 სძლია "დუშეთმა" "სულაქველიძის აკადემიას". შეხვედრაში უპირატესობა გარდამავალი იყო. "დუშეთმა" მეტოქეს ექვსი გოლი ზედიზედ გაუტანა, რასაც "სულაქველიძის აკადემიის" მხრიდან ხუთი საპასუხო გოლი მოჰყვა. ანგარიშში მინიმალური სხვაობის გამო ბოლო წუთები დაძაბული იყო. საფინალო სირენამდე ათი წამით ადრე ცოტნე ლალიაშვილმა აქტივში მეორე ბურთიც მიითვალა და "დუშეთმა" სამი ქულა გაიფორმა. 

ფუტსალის ახალგაზრდული ლიგა ზამთრის პაუზის შემდეგ იანვარში განახლდება. 

  © SBM, 2016-2025