"EU"-მ ლიგა 3-ში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა!

ყველა სიახლე
19 ნოემბერი 2024


ფუტსალის ლიგა 3-ის 2024/25 წწ. სეზონის მეხუთე ტურის შეხვედრებს ბათუმის სპორტის სასახლემ და თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ 12-15 ნოემბერს უმასპინძლა.

სატურნირო ცხრილში მდგომარეობა შეიცვალა. „UG2”-მა „ს.ლ. აკადემიას“ პირველი ქულები დააკარგვინა და ცხრილში პირველობა წაართვა.

ლიდერების დაპირისპირებამდე, ტური ბათუმში „აჭარული“ დერბით დაიწყო. „ბათუმის სპორტულმა ცენტრმა“ „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი“ 6-1 დაამარცხა. მთელი თამაში უპირატესობას „BSC” ფლობდა. ირაკლი მეგრელიძისა და გივია ფილიას დუბლებით გუნდი 4-0-ს იგებდა. ამასთან, „ბნსუ“-მ ორი წითელი ბარათი მიიღო და ოცდამეცხრე წუთიდან მატჩი მნიშვნელოვანი დანაკლისით განაგრძო. დროის ამოწურვამდე სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა, პრესტიჟის გოლი „BNTU“-მ ბოლო წუთზე გაიტანა.

ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა „ევროპის უნივერსიტეტმა“ ჩემპიონატში. „სტუდენტებმა“ „ავლაბართან“ 5-2 იმარჯვეს. შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბრად მიმდინარეობდა. მეშვიდე წუთზე „EU“ წინ გავიდა. მეტოქემ ერთწუთიან ინტერვალში წონასწორობა აღადგინა და დაწინაურდა. ტაიმის ბოლომდე “EU“-მ ანგარიში გაათანაბრა, მეორე ნახევარში კი კარი მშრალად შეინახა და სამბურთიანი უპირატესობაც მოიპოვა. გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო გოგი ლობჯანიძე დუბლით და ორი საგოლე გადაცემით გახდა.

დიდი ანგარიშით, 13-5, აჯობა „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ „რუსთავს“. მერვე წუთამდე გუნდებმა ორ-ორი ბურთი გაცვალეს. გიორგი ხიდაშელმა მეტოქეს ზედიზედ მესამე გოლიც გაუტანა, რის შემდეგაც „აწსუ“-ს უპირატესობა აღარ დაუთმია. თამაშის დასრულებამდე ხიდაშელმა აქტივში კიდევ ორი ბურთი მიითვალა. ხუთი გოლი გაიტანა ვარლამ მარდალეიშვილმაც.

ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს ცხრილის ლიდერები „UG2” და „ს.ლ. აკადემია“ შეხვდნენ. დაძაბულ მატჩში გამარჯვება „სტუდენტებს“ დარჩათ, ანგარიშით 4-3.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მეცხრე წუთზე „აკადემიამ“ გაიტანა, მაგრამ მათი ლიდერობა მხოლოდ ერთ წუთს გაგრძელდა. „UG“-მ ანგარიში 2-1 გახადა. გიორგი აირაპეტიანმა ტაიმის დასრულებამდე ნიკოლოზ გოგოხიას პასებით დუბლი შეასრულა და უდანაკარგო ლიდერი კვლავ იგებდა (3-2), თუმცა არც ამჯერად დასცალდათ. ნოდარ მწითურმა წონასწორობა აღადგინა - 3-3. გამარჯვების გოლი ოცდამეხუთე წუთზე მირიან შარაშენიძემ შეაგდო. შედეგად, „ს.ლ. აკადემიამ“ პირველი მარცხი იწვნია. გუნდებს თანაბარი ქულები გაუხდათ და უშუალო კონკურენტთან მოგებით ჩემპიონატში პირველობა „UG2“-მა დაისაკუთრა.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეექვსე ტური 19 ნოემბერს ქუთაისში დაიწყება და 21 ნოემბერს თბილისში გაგრძელდება.

  © SBM, 2016-2024