"ტფილისმა" "ილიაუნისთან" მარცხი იწვნია - ცხრილში პირველობა "სეუ"-მ დაისაკუთრა!

ყველა სიახლე
13 ნოემბერი 2024


თბილისსა და ბათუმში ფუტსალის ლიგა 2-ის 2024/25 წწ. სეზონის მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა. „ტფილისმა“ „ილიაუნისთან“ პირველი ქულები დაკარგა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა „სეუ“-მ მოიპოვა.

გახსნით მატჩში „თსუ 2“-მა „ქუთაისი“ 2-0 დაამარცხა. დაძაბული შეხვედრა ბოლო წუთამდე გოლის გარეშე მიმდინარეობდა. ოცდამეთვრამეტე წუთზე „იმერლები“ წითელი ბარათის გამო კაცნაკლულები დარჩნენ, რაც „სტუდენტებმა“ შედეგიანად გამოიყენეს და ვახო დადიანმა ანგარიში გახსნა. საფინალო სირენამდე ვახო დადიანმა დუბლი გაიფორმა და ორბურთიანი სხვაობა დააფიქსირა.

სანახაობრივი და დრამატული იყო „ტფილისისა“ და „ილიაუნის“ დაპირისპირება. „ილიაუნი“ ტურნირის უდანაკარგო ლიდერს სათანადოდ მომზადებული შეხვდა.

პირველი ტაიმი მშრალი ანგარიშით დასრულდა. ოცდამეთერთმეტე წუთზე უპირატესობით გადმოსული „ტფილისის“ შეტევა „სტუდენტებმა“ ჩაჭრეს და საკუთარი ნახევრიდან ცარიელ კარში გაშვებული ბურთი გარი წერეთელმა ხელით მოიგერია. შედეგად, „დედაქალაქელები“ უმცირესობაში დარჩნენ. „ილიაუნი“ ბექა მამაგულაშვილის გოლით დაწინაურდა. ოცდამეთექვსმეტე წუთზე აკაკი გოგატიშვილმა უპირატესობა ორამდე გაზარდა, მალევე კი უხეში დარღვევის გამო მანაც წითელი ბარათი მიიღო. დარჩენილ დროში თავის ყოფილ გუნდთან გურამ ნადარეიშვილმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. შეხვედრა 2-1 დასრულდა და „ტფილისმა“ ცხრილში ლიდერობა დაკარგა.

უხვგოლიანი გამოდგა „FLC03”-სა და „გორის“ დაპირისპირება. პირველ ნახევარში „ფალკონი“ 3-2-ს იგებდა, მაგრამ ბოლო წუთზე ანგარიში გათანაბრდა. მეორე ტაიმში „გორელებმა“ უპირატესობის მოპოვება შეძლეს და პირველი გამარჯვება აღნიშნეს, ანგარიშით 9-6. სტუმართა რიგებიდან ჰეთ-თრიკი ნიკოლოზ ქარელმა გაიფორმა, დუბლი შეასრულა ლუკა ბერიანიძემ.

ტურის დასკვნითი მატჩი ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართა. დაძაბულ შეხვედრაში „სეუ“-მ მასპინძელი „ბსსა“ 3-2 დაამარცხა და ჩემპიონატში გალიდერდა. „სეუ“ წინ მეთხუთმეტე წუთზე გავიდა. მეორე ტაიმში „აჭარლებმა“ წონასწორობა აღადგინეს. ანდრია ძიძიგურმა ოცდამეცხრე წუთზე აქტივში მეორე გოლიც მიითვალა და ანგარიში 2-1 გახდა. მალევე სანდრო ობოლაძემ სხვაობა გაზარდა. თამაშის დასრულებამდე „ბსსა“-მ ბექა ლორიას გოლით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ საკუთარ კედლებში ქულის აღება ვეღარ შეძლო.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეექვსე ტურის შეხვედრები 15 და 16 ნოემბერს თბილისში, 19 ნოემბერს კი ქუთაისში გაიმართება.

  © SBM, 2016-2024