"ს.ლ. აკადემია" ლიგა 3-ში ოთხიდან ოთხი მოგებით ლიდერობს!

ყველა სიახლე
11 ნოემბერი 2024


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის 2024/25 წწ. სეზონის მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა.

„ავლაბარმა“ “ბნსუ“-სთან მარტივი სამი ქულა აიღო, სხვა შეხვედრები დაძაბული გამოდგა. „UG2“-მა პირველი ქულები დაკარგა, „ს.ლ. აკადემია“ კი სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

ტურის სასტარტო მატჩში „ავლაბარმა“ „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი“ დიდი ანგარიშით 11-5 დაამარცხა. თამაში „აჭარლების“ გოლით დაიწყო. მასპინძლებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს და მნიშვნელოვანი უპირატესობაც მოიპოვეს. გამარჯვებული გუნდიდან ჰეთ-თრიკი გიორგი არაბულმა და ბექა სამყურაშვილმა გაიფორმეს, ორ-ორი ბურთია გიორგი ბოლქვაძისა და გიორგი გიორგაძის ანგარიშზეც.

მინიმალური სხვაობით 3-2 მოუგო „ბათუმის სპორტულმა ცენტრმა“ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს“. „აჭარლები“ მეხუთე წუთზე ორი უპასუხო გოლით ლიდერობდნენ. ტაიმის ბოლოს „აწსუ“-მ ჩამორჩენა შეამცირა. ოცდამეჩვიდმეტე წუთზე ანგარიში 2-2 გახდა. მალევე ლუკა ჩარგეიშვილმა აქტივში მეორე გოლიც მიითვალა და გუნდს პირველი გამარჯვება მოუტანა.

„ს.ლ. აკადემია“-სა და „რუსთავის“ დაპირისპირების პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა. ტაიმი „აკადემიამ“ 1-0 მოიგო. მეორე ნახევარში მიღებულ ბურთებს ნიკოლოზ ტურიაშვილმა დუბლით უპასუხა, მაგრამ საბოლოოდ სატურნირო ცხრილის უდანაკარგო ლიდერმა 5-2 იმარჯვა.

პირველი ქულები დაკარგა „საქართველოს უნივერსიტეტი 2“-მა, რომელიც საუნივერსიტეტო დერბიში „ევროპის უნივერსიტეტმა“ დაამარცხა. დრამატული მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. ოცდამეთერთმეტე წუთზე გიორგი თარხნიშვილმა მეტოქის კარის აღება შეძლო და შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორი გახდა. ბევრი სახიფათო მომენტის მიუხედავად, „EU”-მ კარი მშრალად შეინახა და 1-0 იმარჯვა.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეხუთე ტური ბათუმის სპორტის სასახლეში 12 ნოემბერს „BSC“-სა და „BNTU“-ს „აჭარული“ დერბით გაიხსნება და 15 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაგრძელდება.

  © SBM, 2016-2024