ფუტსალის ახალგაზრდული ლიგა დაიწყო!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტარტი ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის 2024/25 წწ. სეზონმა აიღო.
ტური „სულაქველიძის აკადემიისა“ და „ბაქსვუდის სკოლის“ დაპირისპირებით დაიწყო. რიგით მეორე სეზონში პირველი გოლი ილია გეწაძის სახელზეა, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში დუბლი შეასრულა. „სულაქველიძის აკადემია“ მთელი თამაში არ მარცხდებოდა და საბოლოოდ 5-4 იმარჯვა. „ბაქსვუდმა“ ანგარიში ორჯერ გაათანაბრა, მაგრამ უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლო. გუნდიდან ორი გოლი ლუკა შარაშენიძემ გაიტანა.
მოგებით დაიწყო ახალი სეზონი „გრანდ ავლაბარმა“, რომელმაც „კომაროვი“ 4-2 დაამარცხა. შარშანდელმა ფინალისტმა თამაშზე კონტროლი პირველივე ტაიმში მოიპოვა. ზედიზედ მიღებული ორი ბურთიდან „მათემატიკოსებმა“ ორივეჯერ მხოლოდ თითო გაქვითეს (2-1, 4-2) და პირველ შეხვედრაში ქულების მოპოვება ვერ შეძლეს. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი გიორგი ბაბაიანმა შეასრულა.
დამაჯერებელი სტარტი ჰქონდა ტურნირის მოქმედ ჩემპიონს. „სასკოლო ლიგის აკადემია 2“-მა „ბეტისის აკადემიას“ დიდი სხვაობით, 8-2 სძლია. შეხვედრაში ანგარიში „ბეტისმა“ გახსნა, თუმცა საპასუხო გოლი არასრულ ერთ წუთში მიიღო, რის შემდეგაც ჩამორჩენა მკვეთრად გაიზარდა. „ს.ლ. აკადემიიდან“ საუკეთესო სამი გოლით ლუკა მიქაბერიძე იყო.
„დუშეთმა“ ტურის დასკვნით მატჩში თავისი დებიუტი „ლოგოსთან“ გამარჯვებით აღნიშნა. შეხვედრა 3-1 დასრულდა. „დუშეთმა“ თამაშის სტარტზე სწრაფი გოლი მიიღო, მაგრამ ერეკლე კობაიძემ პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა და ანგარიში 2-1 გახადა. ოცდამეთვრამეტე წუთზე გიორგი ხულუზაურმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. დარჩენილ დროში „დუშეთმა“ ორი ათმეტრიანი საჯარიმო ვერ გამოიყენა და საბოლოოდ ტაბლოზე 3-1 დაფიქსირდა.
ახალგაზრდული ლიგის მეორე ტურის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 9 და 10 ნოემბერს გაიმართება.