"EU"-მ "რუსთავთან" დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წუთზე გატანილი გოლებით იმარჯვა!

ყველა სიახლე
04 ნოემბერი 2024


ფუტსალის ლიგა 3-ის 2024/25 წწ. სეზონის მესამე ტურის შეხვედრები ბათუმსა და თბილისში გაიმართა.

„ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა“ „საქართველოს უნივერსიტეტი 2“-ს უმასპინძლა. „ბნტუ“ პირველ ქულასთან ახლოს იყო, მაგრამ „UG2”-მა ბოლო წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა და მატჩი 5-4 დასრულდა. მასპინძლები წინ პირველი ტაიმის მიწურულს გავიდნენ. მეორე ნახევარში მეტოქემ ანგარიში სამჯერ გაათანაბრა, ოცდამეთვრამეტე წუთზე კი დაწინაურდა. ანრი ანდღულაძემ წონასწორობა აღადგინა. დროის ამოწურვამდე სანდრო ქავთარაძემ აქტივში მეორე გოლიც მიითვალა და სტუმრები შინ სამი ქულით დაბრუნდნენ.

საკუთარ კედლებში მეორე ბათუმური გუნდიც დამარცხდა. „ბათუმის სპორტულ ცენტრს“ „ავლაბარმა“ 3-2 სძლია და სადებიუტო გამარჯვება იზეიმა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. „ავლაბარმა“ გოლი პირველივე წუთზე გაიტანა. ტაიმის დასრულებამდე „BSC“-მ თამაში შემოაბრუნა და ოცდამეთქევსმეტე წუთამდე 2-1-ს იგებდა. სტუმართა რიგებიდან ანგარიში გიორგი ბოლქვაძემ გაათანაბრა, ბოლო წუთზე კი ანტონ იზორიამ დუბლი შეასრულა და გუნდს პირველი გამარჯვება მოუტანა.

დიდი ანგარიშით, 7-2, დაამარცხა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მატჩში „სასკოლო ლიგის აკადემიამ“ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი“. „აწსუ“-მ ანგარიში მეოთხე წუთზე გახსნა. „აკადემიამ“ წონასწორობა მალევე აღადგინა და თამაშის ბოლომდე სრულ უპირატესობას ფლობდა. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი ნიკოლოზ გოგოხიამ და გიორგი აირაპეტიანმა შეასრულეს. საუკეთესო მოთამაშედ ლევან გუგუციძე დასახელდა, რომლის ანგარიშზეც ორი შედეგიანი გადაცემაა.

ტური „რუსთავისა“ და „ევროპის უნივერსიტეტის“ დრამატული დაპირისპირებით დასრულდა. „რუსთავმა“ თამაშის დაწყებიდან ოთხ წუთში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა (2-0). „სტუდენტებმა“ მეტოქეს ზედიზედ სამი გოლი გაუტანეს და წინ გავიდნენ (3-2). მეორე ტაიმის სტარტზე ანგარიში 3-3 გახდა. ოცდამეთექვსმეტე წუთზე გიორგი გიორგაძის გოლით „EU“ კვლავ დაწინაურდა, მაგრამ „რუსთავმა“ პირველივე შეტევა გამოიყენა და წონასწორობა აღადგინა, რასაც ლევან მჭედლიშვილის ჰეთ-თრიკიც მალევე მოჰყვა (5-4). შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე მჭედლიშვილი უხეში დარღვევის გამო გააძევეს. „EU“-მ უპირატესობა გამოიყენა, გივი ყურაშვილმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, საფინალო სირენამდე ორი წამით ადრე კი გოლი გაიტანა და გუნდმა პირველი გამარჯვება იზეიმა - 5-6.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეოთხე ტურის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 8 ნოემბერს გაიმართება. 

  © SBM, 2016-2024