ლიგა 3 | თბილისში გუნდებმა ქულები მარტივად მოიპოვეს, ქუთაისში მატჩი ფრედ დასრულდა!

ყველა სიახლე
28 ოქტომბერი 2024


ფუტსალის ლიგა 3-ის 2024/25 წწ. სეზონის მეორე ტურის შეხვედრები ქუთაისსა და თბილისში გაიმართა.

„აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ „ავლაბარს“ უმასპინძლა. დაძაბული მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. პირველ ტაიმში გოლი ვერც ერთმა გუნდმა გაიტანა. ოცდამეთერთმეტე წუთზე გიორგი იდაძის გოლით „აწსუ“ დაწინაურდა. ორწუთიან ინტერვალში ანტონ იზორიამ ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა.

მარტივი გამარჯვებები მოიპოვეს თბილისში გუნდება. „რუსთავმა“ „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი“ 11-2 დაამარცხა. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გატანილი ხუთი უპასუხო გოლით გადაწყდა. გამარჯვებული გუნდიდან ოთხი გოლია ლევან მჭედლიშვილის სახელზე, დუბლი და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა ნიკოლოზ ტურიაშვილმა.

5-1 სძლის „UG2”-მა „ბათუმის სპორტულ ცენტრს“. მეექვსე წუთიდან მერვე წუთამდე ნიკოლოზ კოპალიანმა და ნიკა კუპრავიშილმა დუბლი გაიფორმეს, ტაიმის ბოლომდე კი სხვაობა ხუთამდე ნოდარ მწითურმა გაზარდა. „აჭარლებმა“ მეორე ნახევარში პრესტიჟის გოლის გატანა შეძლეს.

დიდი ანგარიშით, 9-1, აჯობა დებიუტანტმა „სასკოლო ლიგის აკადემიამ“ გამოცდილ „ევროპის უნივერსიტეტს“. სტუდენტები წინ მესამე წუთზე გავიდნენ, მაგრამ ეს მათი ერთადერთი გოლი აღმოჩნდა და მეკარის გარეშე მყოფ გუნდს მეტოქემ სოლიდური ანგარიშით მოუგო. ორ-ორი ბურთია ლევან გუგუციძისა და მოსე ჩიქიროვის აქტივში. გოლითა და ორი საგოლე გადაცემით გამოირჩა ილია გოგოხია-ხატისკაცი.

ფუტსალის ლიგა 3-ის მესამე ტურის ორი შეხვედრა ბათუმის სპორტის სასახლეში 29 ოქტომბერს გაიმართება, დარჩენილი ორი დაპირისპირება კი 1 და 2 ნოემბერს თბილისში შედგება. 

  © SBM, 2016-2024