"ტფილისმა", "ილიაუნიმ" და "სეუ"-მ ლიგა 2 მოგებით დაიწყეს!

ყველა სიახლე
12 ოქტომბერი 2024


ფუტსალის ლიგა 2-ის ახალი, 2024/25 წწ. სეზონი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში უხვგოლიანი და სანახაობრივი ტურით დაიწყო.

გახსნით მატჩში ლიგის დებიუტანტმა, შარშანდელი ლიგა 3-ის გამარჯვებულმა, „ტფილისმა“ „გორი“ სოლიდური ანგარიშით 14-1 დაამარცხა. სეზონის პირველი გოლი მეოთხე წუთზე საბა ეგრისელაშვილმა გაიტანა, რომელმაც შეხვედრაში დუბლი გაიფორმა. „თბილისელებმა“ მატჩის ბედი საწყის ტაიმშივე გადაწყვიტეს და მეტოქეს რვა უპასუხო გოლი გაუტანეს. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან საუკეთესო სამი გოლით და ერთი შედეგიანი გადაცემით გიორგი თოდუა იყო.

დაძაბული გამოდგა ტურის მეორე დაპირისპირება. „ილიაუნიმ“  და „ქუთაისმა“ პირველ ტაიმში თითო ბურთი გაცვალეს (1-1). ოცდამერვე წუთზე გიორგი წიქვაძემ „სტუდენტები“ წინ გაიყვანა, თამაშის ბოლომდე კი აქტივში ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა. მეტოქეს ბაკურ გულუამ უპასუხა და ანგარიში 2-2 გახადა. შეხვედრის ბოლო ხუთ წუთში „ილიაუნიმ“ დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ 6-2 იმარჯვა.

დღის ცენტრალურმა შეხვედრამ მოლოდინები გაამართლა - „სეუ“-სა და „თსუ 2“-ის დრამატული ბრძოლა „სეუ“-ს სასარგებლოდ 5-4 დასრულდა.

მატჩი „სეუ“-ს უპირატესობით დაიწყო. მიუხედავად მწირი შემადგენლობისა, „თსუ 2“-მა ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრაში დაწინაურება ორჯერ მოახერხა. მეტოქემ წონასწორობა ორივეჯერ აღადგინა, ოცდამეთოთხმეტე წუთზე კი წინ გავიდა. ლუკა ალანიამ ოცდამეჩვიდმეტე წუთზე აქტივში მეორე გოლი მიითვალა და ანგარიში 5-3 გახადა. დარჩენილ დროში „თსუ“-მ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ სეზონის პირველ შეხვედრაში ქულის აღება ვერ შეძლო და დამარცხდა.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეორე ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 20 ოქტომბერს გაიმართება.

  © SBM, 2016-2024