ახალგაზრდული ლიგის გამარჯვებული მეხუთე მატჩში გამოვლინდება!

ყველა სიახლე
01 ივნისი 2024


ახალგაზრდული ლიგის სადებიუტო სეზონში დრამატული ფინალური სერია გრძელდება. ჩემპიონი მეხუთე, გადამწყვეტ მატჩში გამოვლინდება. „სასკოლო ლიგის აკადემიამ“ „გრანდ ავლაბართან“ 6-2 იმარჯვა და სერიაში ანგარიში 2-2 გახადა.

გუნდებს შორის გამართული მეოთხე დაპირისპირება გულშემატკივრებით სავსე არენა 2-ში სანახაობრივი გამოდგა. თამაშზე კონტროლი საწყისი წუთიდან „ს.ლ. აკადემიამ“ მოიპოვა. მეთვრამეტე წუთამდე სხვაობა ოთხამდე გაიზარდა. „გრანდ ავლაბარმა“ ორი თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და ტაიმი 4-1 დასრულდა. მატჩის სცენარი არც დარჩენილ დროში შეცვლილა და ბევრი სახიფათო მომენტის მიუხედავად „გრანდმა“ ანგარიში ვერ შემოატრიალა.

გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო ალექსანდრე ჭოლოკავა იყო, რომელმაც ბევრ კარგ მომენტთან ერთად აქტივში ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა. „გრანდ ავლაბრის“ რიგებიდან კი გიორგი ქსოვრელი გამოირჩა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ალექსანდრე ჭოლოკავა, „ს.ლ. აკადემია“: „მშვენიერი მატჩი იყო ჩვენთვის. ბიჭებმა ძალიან ვიშრომეთ. მინდა, რომ გამოვარჩიო ჩვენი მწვრთნელების, ლევან სვანიძისა და ბესიკ არველაძის, ღვაწლი. ველოდებით ფინალურ მატჩს და იმედი მაქვს გავიმარჯვებთ. გავსებული იყო დარბაზი და გულშემატკივარს მადლობა. ძალიან ტემპიანი მატჩი იყო. თავიდანვე რომ გავიტანეთ გოლები ეს იყო გარდამტეხი. როგორც მოგეხსენებათ, წინა მატჩები ერთით ნულიდან დავიწყეთ ჩვენ, პირველი ისინი გვიტანდნენ. დღეს როგორც იქნა ჩვენ გავუტანეთ და მოვიგეთ. რა თქმა უნდა, გამარჯვებას ველი მეხუთე შეხვედრისგან, სხვას არაფერს განვიხილავთ“.

გიორგი ქსოვრელი, „გრანდ ავლაბარი“: „ძალიან თავდაჯერებულები გამოვედით. მოწინააღმდეგე გუნდი სათანადოდ ვერ დავაფასეთ. წინა თამაშში ადვილი გასეირნება მოგვიწია და დღესაც ასე გვეგონა. მოწინააღმდეგე ჩვენზე შემართებით გამოვიდა, ამიტომ დავისაჯეთ. მეხუთე თამაშში აღვიდგენთ გუნდი ძალებს და ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩვენი თამაში ვაჩვენოთ და გავიმარჯვოთ. ორჯერ ვიყავით წინ სერიაში და ორჯერ გაგვითანაბრეს. ახლა ჩვენი ჯერია და გათანაბრება ვეღარ გამოუვათ, რადგან ჩვენ წინ გავალთ და გავიმარჯვებთ. წარმატებები მეტოქეს ფინალურ ეტაპზე“.

„გრანდ ავლაბარსა“ და „სასკოლო ლიგის აკადემიას“ შორის მეხუთე, გადამწყვეტი მატჩი, სპორტ კომპლექს არენა 2-ში 7 ივნისს გაიმართება.

  © SBM, 2016-2024