"გრანდ ავლაბარი" ფინალურ სერიაში კვლავ დაწინაურდა!

ყველა სიახლე
27 მაისი 2024


ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის 2023/24 წწ. სეზონის საჩემპიონო სერიაში „გრანდ ავლაბარი“ წინ გავიდა. ფინალის მესამე შეხვედრაში „გრანდმა“ „სასკოლო ლიგის აკადემია“ დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ 7-2 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 2-1 გახადა.

პირველი ტაიმი მეთექვსმეტე წუთამდე გოლის გარეშე მიმდინარეობდა. „გრანდ ავლაბარმა“ დაწინაურება გიორგი ქსოვრელის გოლით შეძლო. ტაიმის მიწურულს შეხვედრაში წონასწორობა ლევან გუგუციძემ აღადგინა. თამაშის განახლებისთანავე „გრანდმა“ უპირატესობა დაიბრუნა და სხვაობა ორამდე გაზარდა. ოცდამერვე წუთზე თორნიკე გულიაშვილმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა (3-2), მაგრამ დარჩენილ დროში „ს.ლ. აკადემიამ“ ოთხი ბურთი მიიღო და დამარცხდა.

შეხვედრაში საუკეთესო „გრანდ ავლაბრის“ ათიანი გიორგი ქსოვრელი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა და ბევრი სახიფათო მომენტი შექმნა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ქსოვრელი, გრანდ ავლაბარი: „ძალიან კარგი თამაში ჩაატარეს ჩვენმა ბიჭებმა. ყველაფერი დაგვიფასდა. მწვრთნელმა რა დავალებებიც მოგვცა, ყველაფერი კარგად შევასრულეთ. დაწყებისთანავე ჩვენი მიზანი ჩემპიონობა იყო, ერთი თამაში დაგვრჩა და ჩვენ მიზანს აუცილებლად შევასრულებთ. წარმატებები ჩვენ მეტოქეს, ძალიან კარგი მატჩები ჩაატარეს. ძალიან დამღლელი თამაში გამოვიდა. საკმაოდ მაღალი ტემპი იყო, სწრაფი ბიჭები არიან. ყველანი ფეხბურთელები არიან და არავინ იზარებს, ამიტომ არის ასეთი ტემპი. ყველა მაქსიმუმს დებს და ეს თამაშზეც ისახება. სანახაობრივი გოლებიც გადის“.

თორნიკე გულიაშვილი, ს.ლ. აკადემია: „პირველ რიგში, პატივისცემა მოწინააღმდეგეს, მაგრად გვეთამაშნენ. ყველა ის მომენტი, რაც მათ შეექმნათ გამოიყენეს. ჩვენი დანაკლისი რაც იყო, ყველა მომენტი რაც პირველ ტაიმში შევქმენით, თითქმის ასპროცენტიანი იყო და ვერც ერთი გარდავსახეთ გოლში. ეს იყო ჩემი აზრით მარცხის მთავარი მიზეზი. შემდეგ თამაშში მარცხის შემთხვევაში, ვაგებთ საბოლოო ჯამში, მაგრამ მჯერა ჩვენი ბიჭების, რომ დღევანდელ წაგებას ასე არ დავტოვებთ და შემდეგ შეხვედრაში აუცილებლად მოვახერხებთ გამარჯვებას“.

„გრანდ ავლაბარსა“ და „სასკოლო ლიგის აკადემიას შორის“ საჩემპიონო ბრძოლა სამ მოგებამდე გრძელდება. მეოთხე დაპირისპირება სპორტ კომპლექს არენა 2-ში 31 მაისს გაიმართება.

  © SBM, 2016-2024