"დინამო თბილისი" ფუტსალის ლიგა 2-ის ჩემპიონია!

ყველა სიახლე
21 მაისი 2024


ფუტსალის ლიგა 2-ს ახალი ჩემპიონი ჰყავს. "დინამო თბილისმა" მოქმედი გამარჯვებული "თსუ 2" ფინალურ სერიაში 3-1 დაამარცხა და ოქროს მედლებს დაეუფლა. "ლურჯ-თეთრებმა" გასულ სეზონში ლიგა 3-ის მოგების შემდეგ სადებიუტო წელს თასი ლიგა 2-შიც აღმართეს და ზედიზედ მეორედ იზეიმეს ჩემპიონობა. 

სანახაობრივი სერიის მეოთხე მატჩი "დინამოელთა" სრული უპირატესობით წარიმართა. მეორე წუთზე ანგარიში კახა მაღლაკელიძემ გახსნა. მერვე წუთზე "სტუდენტების" მოთამაშე-მწვრთნელი თამაშის წესების დარღვევის გამო გააძევეს, რამაც დარჩენილ დროში შეხვედრის მიმდინარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. "დინამომ" სხვაობის გაზრდა მეორე ტაიმში შეძლო. გიგა ლაგაზაშვილმა ანგარიში 2-0 გახადა. ლუკა ხარშილაძემ კარი მშრალად ბოლომდე შეინახა და ოცდამეთექვსემეტე წუთზე გოლიც გაიტანა. საბოლოო ანგარიში, 4-0, "დინამოელთა" კაპიტანმა, ლაშა-გიორგი ობოლაძემ დააფიქსირა და ბომბარდირობისთვის დავაში პირველი ადგილი გაიმყარა. 

გარდა 35 გოლით ბომბარდირობისა, ლაშა-გიორგი ობოლაძემ ყველაზე მეტი, 20 შედეგიანი გადაცემა დააგროვა და ინდივიდუალურ პრიზებში მთავარი ტიტული, საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიიღო.

sbm.ge გთავაზობთ ფინალის შემდგომ კომენტარს:

ლაშა-გიორგი ობოლაძე, დინამო: "ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ აქამდე მოვსულიყავით და ბიჭებს მივულოცავ გამარჯვებას. ჩვენ გვჯეროდა, რომ ფინალში გავიდოდით, სადაც უკვე თამაშის ხარისხმა გამოავლინა გამარჯვებული. "თსუ 2" კარგი გუნდია, წინა წლის გამარჯვებულები არიან, მაგრამ ძლიერმა მოიგო. დღეს მეორე გოლმა დაგვაჯერა რომ ამ თამაშს მოვიგებდით. თასის აწევის ემოცია ძალიან კარგია, ახლაც ემოციებში ვარ და ძალიან მიხარია. სეზონი სანამ დაიწყებოდა, მინდოდა იგივე შედეგი დამედო, რაც შარშან, ბომბარდირობა, და ასეც მოხდა. დანარჩენს რაც შეეხება, ჩემი ასისტები გუნდელების დამსახურებაა, რადგან გამოიყენეს მომენტები. საუკეთესო მოთამაშედ რომ დამასახელეს ძალიან მოხარული ვარ".

ფუტსალის ლიგა 2-ის ჩემპიონი "დინამო თბილისი" მომავალი სეზონიდან საქართველოს ფუტსალის უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს. 

  © SBM, 2016-2024