ფუტსალის ლიგა 3-ის დაჯილდოებაზე საუკეთესო მოთამაშეები დასახელდნენ!

ყველა სიახლე
19 მაისი 2024


ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონი „ტიფლისის“ ჩემპიონობით დასრულდა. „დედაქალაქელებმა“ „ჯიპა“ ფინალურ სერიაში 3-0 დაამარცხეს და პირველობა იზეიმეს.

მესამე შეხვედრა სპორტ კომპლექს არენა 2-ში 18 მაისს გაიმართა და „ტიფლისის“ სასარგებლოდ 9-4 დასრულდა. მთელი თამაში ბურთს „ტიფლისი“ აკონტროლებდა. შეხვედრაში ხუთი გოლით ლაშა ჯიქია გამოირჩა.

ფინალური მატჩის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეგიონული და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელმა, გოჩა თამაზაშვილმა და სპორტული სააგენტო SBM-ის CEO-მ, ზაალ ჩიტალაძემ მიიღეს.

ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის საუკეთესო მეკარე ლევან გიგოიძე (ჯიპა) გახდა. საუკეთესო მცველის ჯილდო გურამ ნადარეიშვილმა (ტიფლისი) მიიღო. საუკეთესო უნივერსალად ბექა მირიანაშვილი (ჯიპა) დასახელდა. საუკეთესო თავდამსხმელის ტიტული გიორგი თოდუას (ტიფლისი) მიენიჭა. საუკეთესო ასისტენტის წოდება 17 შედეგიანი გადაცემით გიორგი კურტანიძემ (ტიფლისი) მოიპოვა, რომელმაც თანაგუნდელ ლაშა ჯიქიას ფინალის მესამე შეხვედრაში გადაასწრო. დაძაბული იყო ბომბარდირობისთვის ბრძოლაც - გიორგი თოდუამ თავისი 28-ე გოლი ბოლო წუთზე გაიტანა და რაულ ჩიკიროვს გაუთანაბრდა, თუმცა გამარჯვებული ნაკლები ჩატარებული მატჩით მაინც რაულ ჩიკიროვი (ბსსა) გახდა. ლიგა 3-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) ფინალის გმირი ლაშა ჯიქია (ტიფლისი) დასახელდა.

Sbm.ge გთავაზობთ დაჯილდოების შემდგომ კომენტარებს:

ბექა მირიანაშვილი, „ჯიპა“, საუკეთესო უნივერსალი: „ჩვენ სეზონს, რა თქმა უნდა, წარმატებულად შევაფასებ. პროგრამა მინიმუმი შევასრულეთ და გადავედით ზედა ლიგაში. დასანანია ფინალში წაგება, თან ისე, რომ თამაშის მოგება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ არა უშავს, შემდეგ წელსაც გვექნება ერთმანეთში პაექრობა და იქ დავამტკიცებთ ჩვენს სიძლიერეს. „ტიფლისს“ დიდი პატივისცემა ჩემგან და ჩვენი გუნდისგან, რადგან დაიმსახურეს მოგება, იმარჯვებს ყოველთვის საუკეთესო. ვულოცავ მთელი გულით. ბედნიერი ვარ, ყველას უხარია ინდივიდუალური პრიზი. მადლობა დაფასებისთვის“.

ლევან გიგოიძე, „ჯიპა“, საუკეთესო მეკარე: „ფინალში მარცხი, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია. პირველ რიგში, მივულოცავ ჩვენს მეტოქეს გამარჯვებას. დამსახურებულად მოიგეს. ძალიან რთული მატჩი იყო. ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა. სეზონს წარმატებულად შევაფასებ. ძალიან კარგად ჩატარდა მთლიანი ჩემპიონატი. რაც მთავარია, დავწინაურდით ლიგა 2-ში და ვეცდებით იქ უკეთესი შედეგი დავდოთ. ძალიან მიხარია საუკეთესო მეკარის პრიზი, რადგან იშვიათად ხდება ხოლმე ალბათ ასეთი მოვლენები. მადლიერი ვარ“.

გიორგი თოდუა, „ტიფლისი“, საუკეთესო თავდამსხმელი: „ძალიან წარმატებული სეზონი გვქონდა. ამისთვის თითქმის მთელი წელი ბოლომდე ვიყავით ჩართული, როგორც გუნდი, ასევე მენეჯმენტი, მწვრთნელი. დიდი მადლობა ყველას. ბევრი ვიშრომეთ აქამდე მოსასვლელად. მთელი სეზონი ვცდილობდი გამორჩეული და საუკეთესო ვყოფილიყავი, წარმატებულად დამესრულებინა ჩემპიონატი. შრომის შედეგია რომ მე დღეს საუკეთესო თავდამსხმელი გავხდი. ძალიან დამაჯერებელი თამაშები გვქონდა, ამ ფინალებისთვის დიდ ხანს ვემზადებოდით და საბოლოოდ კარგად დავაგვირგვინეთ, სერიაში სამით ნული მოვიგეთ“.

რაულ ჩიკიროვი, „ბსსა“, საუკეთესო ბომბარდირი: „პირველ რიგში, მადლობა ჩვენ გუნდს მთელი სეზონის განმავლობაში თავდადებისთვის. მომავალ წელს უფრო მობილიზებულები გამოვალთ და ვფიქრობ, უკეთეს შედეგს დავდებთ. უმაღლეს დონეზე იყო ტურნირი ჩატარებული და კმაყოფილები ვართ. რაც შეეხება ჩვენ თამაშს, ვფიქრობ, მეტი შეგვეძლო, მაგრამ პირველი წელი იყო და მაინც კარგი შედეგია. გიორგიმ დღეს ბოლო გოლი რომ გაიტანა, ეკუთვნოდა, ბევრი მომენტი ჰქონდა და ვიცოდი, რომ გაიტანდა. არ ველოდი ამ პრიზს, რადგან თანაბარ გოლებზე ნაკლები თამაშის პრინციპი არ ვიცოდი და ძალიან გამიხარდა“.

გიორგი კურტანიძე, „ტიფლისი“, საუკეთესო ასისტენტი: „სერია რთული იყო ძალიან, მიუხედავად იმისა, რომ სამით ნული მორჩა. ყველა თამაში დაძაბული იყო, ერთს ვაგებდით კიდეც. თანაბარი თამაშები გამოვიდა, მაგრამ ჩვენ რაღაც მომენტებში გვიმართლებდა, სადაც საჭირო იყო გოლს ვიტანდით და ამის დამსახურებით გავხდით ჩემპიონები. რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა. ლიგა 2-ში გადავედით და იქაც, ასე მგონია, კარგი გუნდი ვიქნებით. ჩემთვის მთავარი არ იყო გავხდებოდი თუ არა საუკეთესო ასისტენტი, ასე მოხდა უბრალოდ, მიხარია ძალიან“.

გურამ ნადარეიშვილი, „ტიფლისი“, საუკეთესო მცველი: „ჩემპიონობა არასდროს არის მარტივი. გჭირდება ბევრი შრომა, თავდადება და ვარჯიში. შედარებით სუსტი ფუტსალის თამაშით დავიწყეთ. საბოლოოდ ისე მივიღეთ, რომ ჩვენ თვითონაც ძალიან გვსიამოვნებს თამაში. გავიარეთ ყველა ფსიქოლოგიური დაბრკოლება. მივაღწიეთ იმ შედეგს, რომ გავხდით ჩემპიონები, თან სერიაში სამივე თამაში მოვიგეთ და ამას დამატებული, ყველაზე უხერხული მეტოქე ვინც გვყავდა - „ჯიპა“ - იმასთან მოვიგეთ. ძალიან ბედნიერები ვართ. საერთოდ ამ სეზონამდე ჩემი პოზიცია არ იყო მცველი, მაგრამ მომიწია. რთული იყო თავიდან. გუნდთან ერთად მარტივად გადავლახე და ძალიან მოხარული ვარ ამ ჯილდოს მიღებით. ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ ჩვენ მიზანს, ჩემპიონობას, მივაღწიეთ და ახლა შეგვიძლია კარგად დავისვენოთ“.

ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონი დასრულდა. ჩემპიონი „ტიფლისი“ და ვიცეჩემპიონი „ჯიპა“ მიღწეული შედეგებით ფუტსალის ლიგა 2-ში კვალიფიცირდნენ.

  © SBM, 2016-2024