"ბეტისის აკადემიამ" "კომაროვთან" III ადგილისთვის გამართულ პირველ მატჩში იმარჯვა!

ყველა სიახლე
11 მაისი 2024


ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგაში ფინალური ეტაპი დაიწყო. სპორტ კომპლექს არენა 2-ში მესამე ადგილისთვის გამართულ პირველ შეხვედრაში „ბეტსის აკადემიამ“ „კომაროვი“ 5-2 დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა.

ანგარიში მეთერთმეტე წუთზე ნიკა უთრუღაშვილმა გახსნა და „ბეტისის აკადემია“ წინ გაიყვანა. ტაიმის დასრულებამდე სხვაობა სამამდე გაიზარდა. ოცდამეთერთმეტე წუთზე „მათემატიკოსებმა“ ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ საპასუხო გოლი მალევე მიიღეს და თამაშში გარდატეხის შეტანა ვეღარ მოახერხეს. საფინალო სირენამდე „კომაროვთა“ რიგებიდან გიორგი კამკამიძემ, „ბეტისელთა“ მხრიდან კი რუდო ისაიანმა დუბლი შეასრულეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი კამკამიძე, კომაროვი: „კარგი თამაში გამოვიდა, მინდა მივულოცო მოწინააღმდეგე გუნდს გამარჯვება. ვფიქრობ, მიუხედავად ანგარიშისა შეგვეძლო დღეს მოგება. შემდეგზე უფრო ძლიერები ვიქნებით. ალბათ შრომა დაგვაკლდა უკეთესი შედეგისთვის“.

ნიკა უთრუღაშვილი, ბეტისის აკადემია: „ძალიან კარგი და ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ და ვაჯობეთ. ბიჭებმა ბევრი იშრომეს ამ თამაშის მოსაგებად. შემდეგ შეხვედრას ვნახოთ მეტოქე თავს როგორ გაართმევს. ალბათ ჩვენ უფრო მომზადებულები ვიყავით დღეს“.

ახალგაზრდულ ლიგაში მესამე ადგილისთვის ბრძოლა ორ მოგებამდე გრძელდება.

  © SBM, 2016-2024