"გრანდ ავლაბარი" ახალგაზრდული ლიგის ფინალშია!

ყველა სიახლე
28 აპრილი 2024


სპორტ-კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის, სადებიუტო სეზონის  მეორე 1/2 ფინალური შეხვედრა გაიმართა. „გრანდ ავლაბარმა“ „ბეტისის აკადემია“ 10-4 დაამარცხა და ფინალში „სასკოლო ლიგის აკადემიას“ დაუპირისპირდება.

საპასუხო მატჩი პირველივე წუთებიდან „გრანდ ავლაბრის“ უპირატესობით წარიმართა და ტაიმი მათ სასარგებლოდ 5-2 დასრულდა. თამაშის სცენარი არც მეორე ნახევარში შეცვლილა. „ბეტსის აკადემიამ“ ორი ბურთის გაქვითვა შეძლო, მაგრამ ანგარიში ვერ შემოატრიალა და განმეორებით შეხვედრაშიც დამარცხდა. გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო ხუთი გოლით და სამი შედეგიანი გადაცემით გიორგი აირაპეტიანი იყო. „ბეტისელთა“ რიგებიდან დუბლი გიორგი არაბულმა შეასრულა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ზურაბ ცერცვაძე, გრანდ ავლაბრის მთავარი მწვრთნელი: „საკმაოდ დაძაბული თამაში იყო ორივე მატჩში, მაგრამ ჩვენი გუნდი ბევრად მომზადებული იყო. ჩემპიონატის დაწყებიდან წაუგებლად მოვდივართ. საკმაოდ კარგ ფორმაში შევხვდით ნახევარფინალს. დღეს თავიდან კარგად დავიწყეთ, დიდი ანგარიშითაც ვიგებდით, მაგრამ დაძაბულ ბრძოლაში გავიმარჯვეთ. „სასკოლო ლიგის აკადემია“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გუნდია, რომელთანაც აქამდე ვითამაშეთ. მართალია მოვიგეთ, მაგრამ ფინალი ფინალია და ყველანაირად ვეცდებით გავიმარჯვოთ. საკმაოდ დაძაბული ფინალი გველოდება“.

გიორგი თოთლაძე, ბეტისის აკადემიის მთავარი მწვრთნელი: „არ მეგონა თუ ასეთი დონე იქნებოდა ახალგაზრდულ ლიგაში და ამდენი ბავშვი გამოჩნდებოდა. ეს საერთოდ ფუტსალისთვის არის ძალიან კარგი. ეს ბავშვები ისეთები არიან ნელ-ნელა მეორე და მესამე ლიგაში გადავლენ. დღეს ფავორიტი მეტოქე გუნდი იყო, ვულოცავ მოგებას და ფინალში წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენც ვიბრძოლეთ, მაქსიმუმი გავიღეთ. ლიდერები არ გვყავდა სამწუხაროდ დღეს და თამაშითაც დავმარცხდით. მესამე ადგილისთვის ვიბრძოლებთ, მოლოდინები 50-50-ზეა, რადგან აქ არავინაა ვინმეზე ძლიერი. მშვენიერი გუნდია "კომაროვი" და კარგი ბრძოლა გვექნება. მესამე ადგილზე თამაშისთვის ჩვენ გუნდს დაუბრუნდებიან ლიდერები და ჩვენც კარგ თამაშს შემოგთავაზებთ“.

ახალგაზრდული ლიგის ფინალში ერთმანეთს „გრანდ ავლაბარი“ და „სასკოლო ლიგის აკადემია“ დაუპირისპირდებიან, ბრინჯაოსთვის კი „ბეტისის აკადემია“ და „კომაროვი“ იბრძოლებენ.

  © SBM, 2016-2024