"ს.ლ. აკადემია" ახალგაზრდული ლიგის პირველი ფინალისტია!

ყველა სიახლე
27 აპრილი 2024


ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის სადებიუტო სეზონში პირველი ფინალისტი ცნობილია. „სასკოლო ლიგის აკადემიამ“ „კომაროვი“ საპასუხო მატჩშიც დაამარცხა, ანგარიშით 7-2 და  ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

განმეორებითი დაპირისპირება თავიდანვე „სასკოლო აკადემიის“ უპირატესობით წარიმართა და ტაიმი 4-1 დასრულდა. ოცდამეექვსე წუთზე „მათემატიკოსებმა“ ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ მეტოქის კარის აღება მეტად ვეღარ მოახერხეს და საბოლოოდ სოლიდური ჩამორჩენით დამარცხდნენ. გამარჯვებული გუნდიდან დუბლით და ორი საგოლე გადაცემით ნიკოლოზ გოგოხია გამოირჩა, ორი გოლია ლუკა მიქაბერიძის ანგარიშზეც.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დავით კეფაშვილი, კომაროვის მთავარი მწვრთნელი: „ვულოცავ მოწინააღმდეგეს, გვაჯობეს დღევანდელ თამაშში და იმსახურებდნენ გამარჯვებას. ჩვენი მიზანი იყო ნახევარფინალი გვეთამაშა. იქიდან გამომდინარე, რომ სასკოლო გუნდი ვართ და არა საფეხბურთო აკადემია, მაინც კმაყოფილი ვარ. ერთადერთი სასკოლო გუნდი დავრჩით ნახევარფინალში და ვაგრძელებთ ბრძოლას მესამე ადგილისთვის. ალბათ გამოცდილება დაგვაკლდა. მოწინააღმდეგეს უფრო პროფესიონალი მოთამაშეები ჰყავდა აშკარად“.

ბესო არველაძე, ს.ლ. აკადემიის მთავარი მწვრთნელი: „უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ კარგია ახალგაზრდული ლიგის დაწყება. ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გამოჩნდა. ეს ბავშვები ერთ-ორ წელიწადში ფუტსალს შეავსებენ. ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო დალაგებულად ვითამაშეთ და ამის გამო გავედით ფინალში. მეორე მხარეს ორივე ძლიერი გუნდია, მაგრამ ალბათ ფავორიტი მაინც „გრანდ ავლაბარია“. მეტოქე გუნდს ეტყობოდა მწვრთნელის ნამუშევარი, იბრძოლეს. ფინალში ჩემთვის მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ კარგი თამაში. ბავშვებს უხარიათ ჩემპიონობა, რა თქმა უნდა, მინდა მათ წარმატებას მიაღწიონ“.

„სასკოლო ლიგის აკადემიის“ ფინალური მეტოქე „ბეტსის აკადემიასა“ და „გრანდ ავლაბარს“ შორის გამოვლინდება.

  © SBM, 2016-2024