ლიგა 2-ში "დინამოს" ფინალური მეტოქე "თსუ 2" იქნება!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის მეორე ფინალისტიც ცნობილია. „დინამო თბილისს“ მთავარი პრიზისთვის ბრძოლაში მოქმედი ჩემპიონი „თსუ 2“ გაეჯიბრება.
„თსუ 2“-მა „სეუ“ მესამე, გადამწყვეტ დაპირისპირებაში 4-3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
სპორტ კომპლექს არენა 2-ში გამართული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მეცხრე წუთზე წინ „თსუ“ გავიდა. ტაიმის დასრულებამდე მეტოქემ წონასწორობა აღადგინა. ოცდამეშვიდე წუთზე უპირატესობა „სეუ“-მ მოიპოვა (2-1). არასრულ ორ წუთში გეგა კოშაძემ დუბლი გაიფორმა და მოქმედი ჩემპიონები დაწინაურდნენ (2-3). ანგარიში კიდევ ერთხელ ოცდამეჩვიდმეტე წუთზე გათანაბრდა, მაგრამ დროის ამოწურვამდე გამარჯვების გოლი ალექსი ტკაჩოვმა გაიტანა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ბექა ონიანი, სეუ: „ვულოცავ მოწინააღმდეგეს, დაიმსახურეს ნამდვილად. ხუთი წელი ვითამაშე თსუ-ში და დიდი პატივისცემა მათ, რადგან სამი თამაშის ჯამში გამოავლინეს ის საფეხბურთო ელემენტები, რაც გუნდურობას და ბრძოლას სჭირდება. დღევანდელი თამაში რაღაც ჩოგბურთის მსგავსი იყო. დაცვაში თამაშის დროს სადღაც ყურადღება დაგვაკლდა და მაგიტომ მოხდა, რომ წუთნახევრიან მონაკვეთში ორი დასანანი გოლი გავუშვით. უნდა აღვნიშნო, რომ რაღაცნაირად გაუმართლა კიდეც თსუ-ს. საფეხბურთო იღბალი საჭიროა, რომ ასეთი თამაშები მოიგო. მალე დავივიწყებთ ამას და ვკონცენტრირდებით მესამე ადგილის თამაშებზე“.
გეგა კოშაძე, თსუ 2: „მართლაც ძალიან დაძაბული თამაში იყო. გოლს რომ გავიტანდით, უცებ აქეთ გვიტანდნენ. საბოლოო ჯამში მოვიგეთ, ძალიან გახარებულები ვართ. წინა ორ თამაშში მე არ ვიყავი, ტრავმა მქონდა, მაგრამ ჩემ გუნდელებს მადლობა ბრძოლისთვის. დღეს ძალიან დავიღალეთ, მაგრამ ერთად ვიბრძოლეთ და ერთად გავიმარჯვეთ. რაღაც შეცდომები მქონდა, ბოლომდე ფორმაში არ ვიყავი, დაღლილობა მეტყობა, მაგრამ ჩემი აზრით გამოვადექი გუნდს და გამარჯვებაში წვლილი შევიტანე. უფრო გავრისკეთ, ჩვენმა მწვრთნელმა ხუთზე შეგვატევინა, რაღაცები გამოვიდა, გავიტანეთ და დამსახურებულად მოვიგეთ. ორივე გუნდის გულშემატკივრების მხრიდან ძალიან კარგი ატმოსფერო იყო. ჩვენ ტიტულს აუცილებლად დავიცავთ. „დინამო“ ძალიან ძლიერი გუნდია“.
„თსუ 2“-ის ფინალში გასვლით „დინამო“-მ ფუტსალის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება გაინაღდა.
ფუტსალის ლიგა 2-ის საჩემპიონო სერიისა და მესამე ადგილისთვის შეხვედრები სპორტ კომპლექს არენა 2-ში 20 აპრილს გაიმართება.