ახალგაზრდულ ლიგაში პლეი-ოფები "კომაროვის" გამარჯვებით დაიწყო!

ყველა სიახლე
06 აპრილი 2024


ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგაში მეოთხედფინალურმა ეტაპმა სტარტი „თბილისის კლასიკური გიმნაზიისა“ და „კომაროვის“ დაპირისპირებით აიღო. „მათემატიკოსებმა“ მეტოქეს პირველ ტაიმში ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს, საბოლოოდ 5-3 იმარჯვეს და სერიაში უპირატესობა მოიპოვეს.

„კომაროვი“ წინ მეექვსე წუთზე გავიდა. ტაიმის დასრულებამდე კი სხვაობა კომფორტული გახადა. ოცდამერვე წუთიდან გატანილი გოლებით „პირველმა სკოლამ“ ჩამორჩენის შემცირება შეძლო, მაგრამ რეალური შანსები ვერ გამოიყენა და დამარცხდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

თაზო გაბელაია, თკგ: „პირველ ტაიმში მთელი გუნდი ძალიან აჭრილები ვიყავით. შესვენებაზე ვისაუბრეთ იმაზე, რომ არაფერი იყო დასრულებული და ბოლომდე უნდა გვებრძოლა. იმის იმედი გვქონდა, რომ მეორე თამაში კიდევ წინაა. იმედია, შევძლებთ რომ გავიმარჯვოთ. მეორე ტაიმში შევძელით ცოტა შემოტრიალება, მაგრამ ათმეტრიანი ვერ გავიტანე და არ გაგვიმართლა. დღეს ცოტანი ვიყავით. განმეორებით მატჩში მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ყველა ვიყოთ, განსაკუთრებით გელაშვილი და სააკაშვილი“.

სანდრო ღარიბოვი, კომაროვი: „პირველი ტაიმი ჩვენთვის დიდად ძნელი არ იყო. ბევრი გოლი გავიტანეთ. ჩვენ მხარესაც არ იყო დიდად შეტევები. მეორე ტაიმში ბიჭები დაიღალნენ და მეორე ნომრად დავიწყეთ თამაში. მეორე შეხვედრაც აუცილებლად მოსაგებია. ბოლო წუთები, დაძაბული იყო, ხუთი ჯარიმა გვქონდა და ათმეტრიანი აღებაც არ იყო ადვილი“.  

„თბილისის კლასიკურ გიმნაზიასა“ და „კომაროვს“ შორის განმეორებითი შეხვედრა 13 აპრილს გაიმართება.

  © SBM, 2016-2024