"ჯიპა"-მ "UG2"-თან სერიის გადამწყვეტ შეხვედრაში იმარჯვა!

ყველა სიახლე
22 მარტი 2024


ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის კიდევ ორი ნახევარფინალისტი ცნობილია. „ჯიპა“-„UG2” განმეორებით შეხვედრაში 5-4 დაამარცხა და ფინალში მოსახვედრად „ბსსა“-სთან იბრძოლებს. „ტიფლისმა“ „რიწა“-ს უშანსოდ მოუგო, 12-0 და მომდევნო ეტაპზე მეტოქეს ელოდება.

„სტუდენტებს“ შორის დრამატული და სანახაობრივი დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. „ჯიპა“ პირველ ტაიმში მდევრის როლში იყო და ანგარიში ორჯერ გაათანაბრა. მეორე ნახევრის სტარტზე „ჯიპა“ წინ გავიდა და უპირატესობა აღარ დაუთმია. შეხვედრის უკანასკნელ ორ წუთში UG-მ ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმასთან ერთად რამდენიმე სახიფათო შეტევა ვერ გამოიყენა და ჩემპიონატს გამოეთიშა. გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო დუბლით და საგოლე გადაცემით დაჩი საღარაძე იყო.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

რამინ ბერაია, UG2: „ჯიპა-ს მიმართ პირადი სიმპათია ყოველთვის გამაჩნდა. ისინი პირველივე წელს ლიგა 3-ის მესამეადგილოსნები გახდნენ, რაც დიდი მიღწევაა. ეს სერია ძალიან საინტერესო იყო. ჩვენი გუნდი ძირითადად სტუდენტებისგან არის დაკომპლექტებული, შესაბამისად, ცოტა გამოუცდელობას აქვს ადგილი. დღეს წინ ვიყავით რამდენჯერმე, მაგრამ ვერ შევინარჩუნეთ. გამოვეთიშეთ წელს ჩემპიონატს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მუდმივად ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით. ჯიპა-ს სამწვრთნელო შტაბი და სხვებიც დაგვეთანხმებიან იმაში, რომ ეს სერია არ ყოფილა მარტივი, პირიქით, ძალიან სანახაობრივი თამაში იყო და ისიამოვნა მაყურებელმა. ასეთი თამაშები ძალიან ზრდის დონეს“.

დაჩი საღარაძე, ჯიპა: „ეს ჩვენი გუნდის ასი პროცენტი ნამდვილად არ არის. მადლობა UG-ს ასეთი დაძაბული თამაშისთვის. ძალიან მომეწონა. დაძაბული მატჩი იყო, ბოლოს გაგვიმართლა კიდევაც, რომ ვერ მოახერხეს გატანა. ვფიქრობ, ვიმსახურებდით გამარჯვებას. პირველ შეხვედრაში შედარებით უფრო მარტივად გავიმარჯვეთ, მაგრამ დღეს დასაკარგი აღარაფერი ჰქონდათ. ნახევარფინალში გამარჯვების მოლოდინი გვაქვს. დღეს მეტოქე კარგად მოგვყვებოდა. ბოლოს რომ ააცილეს ეს იყო გარდამტეხი მომენტი, თორემ ბოლო წუთამდე არ იყო გადაწყვეტილი თამაში“.

„ტიფლისმა“ „რიწა“ მეორე შეხვედრაშიც მარტივად დაამარცხა, ანგარიშით 12-0 და სერია მარტივად დაასრულა. გიორგი თოდუამ შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა, ლაშა ჯიქიას სახელზე კი სამი გოლია.

ფუტსალის ლიგა 3-ის ბოლო ნახევარფინალისტი 23 მარტს „აწსუ“-სა და „ბათუმის სპორტულ ცენტრს“ შორის გამოვლინდება.

  © SBM, 2016-2024