ლიგა 2-ში პირველი ნახევარფინალური წყვილი ცნობილია!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონში პირველი ნახევარფინალური წყვილი გამოვლინდა. „საქართველოს უნივერსიტეტმა“ „ევროპის უნივერსიტეტი“ სერიის ორივე შეხვედრაში დაამარცხა და ფინალში მოსახვედრად „დინამოსთან“ იბრძოლებს.
UG-სა და EU-ს შორის გამართული განმეორებითი დაპირისპირება 4-1 დასრულდა. UG მეთერთმეტე წუთზე წინ ავტოგოლით გავიდა და ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგო. მეორე ნახევრის სტარტზე ანგარიში გათანაბრდა, მაგრამ ცოტა ხნით. მიღებულ გოლს მეტოქემ რამდენიმე წუთში უპასუხა, უპირატესობა დაიბრუნა და სხვაობაც კომფორტული გახადა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ლუკა ელიზბარაშვილი, UG: „მადლობელი ვარ ჩემი გუნდელების, ყველა ბოლომდე დაიხარჯა. როგორც ვვარაუდობდით და მწვრთნელიც გვაფრთხილებდა, რეგულარული სეზონისგან განსხვავებით სულ სხვა თამაშები იყო. „ევროპის უნივერსიტეტმაც“ დაამტკიცა, რომ კონკურენტუნარიანი გუნდია. როგორც ვიცი, დინამოს ვხვდებით ნახევარფინალში. ბევრ მოთამაშეს ვიცნობ „დინამოში“ და დარწმუნებული ვარ, კარგი თამაშები იქნება. ცოტა შუაში კი დაამთავრა სეზონი, მაგრამ მაინც უნდა დავაფასოთ მეტოქე“.
გიორგი თარხნიშვილი, EU: „ფავორიტი გუნია UG და ვფიქრობ, რომ ჩვენ თავი კარგად წარმოვაჩინეთ. სტუდენტებზე გვაქვს უფრო აქცენტი გაკეთებული და მომავალზე ვართ ორიენტირებული. ამ სეზონის გარდა, სულ ერთი-ორს უთამაშია აქამდე. ახალი გუნდი ვართ, ცოტა გვიან დავკომპლექტდით. ვემზადებოდით პლეი-ოფისთვის. მეტოქეს ძალიან გამოცდილი ბიჭები ჰყავს, ზოგი ისეთი ტელევიზორში რომ ვუყურებდით და ჩვენი მაქსიმუმი დავდეთ. ვფიქრობ, UG-ის მარტივი გასეირნება არ ჰქონია ჩვენთან და ისინიც ასე ფიქრობენ“.
მეორე ნახევარფინალური წყვილი „ილიაუნი 2“ „სეუ“-სა და „თსუ 2“ „ქუთაისი 2“-ს შორის გადამწყვეტი მატჩის შემდეგ გამოვლინდება.