"ქუთაისი2"-სა და "თსუ 2"-ს შორის 1/2 ფინალისტი გადამწყვეტ შეხვედრაში გაირკვევა!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის განმეორებითმა 1/4 ფინალებმა სტარტი ქუთაისის სპორტის სასახლეში აიღო. ერთმანეთს „ქუთაისი 2“ და „თსუ 2“ დაუპირისპირდნენ. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მასპინძლებმა მეტოქე 4-3 დაამარცხეს და სერიაში წონასწორობა აღადგინეს.
„სტუდენტები“ წინ მეხუთე წუთზე გავიდნენ. ტაიმის მიწურულს „ქუთათურებმა“ ანგარიში გაათანაბრეს, მეორე ნახევარში კი ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს (3-1). „თსუ“-მ ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. ოცდამეჩვიდმეტე წუთზე ალექსი ტკაჩოვმა აქტივში შედეგიან გადაცემასთან ერთად მეორე გოლიც მიითვალა და ანგარიში 3-3 გახადა. მიღებულ ბურთს გიორგი ხუნდაძემ რამდენიმე წამში გამარჯვების გოლით უპასუხა. „იმერლების“ რიგებიდან დუბლით და ორი ასისტით საუკეთესო სწორედ გიორგი ხუნდაძე იყო.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გიორგი ხუნდაძე, ქუთაისი 2: „რთული თამაში გამოვიდა. ტაიმის მიწურულს ვაგებდით ერთით ნულს, მაგრამ ბოლო წუთზე მაინც მოვახერხეთ გათანაბრება. ჩემი აზრით, ამ გოლმა დიდი როლი ითამაშა მატჩის მოგებაში. წინ გველოდება მესამე თამაში, რომელიც გაიმართება თბილისში. იგივე მონდომებით გავემართებით ამ თამაშის მოსაგებადაც. მეორე ტაიმში ვფიქრობ, რომ ჩვენი უპირატესობა უფრო მეტი იყო, ვიდრე მოწინააღმდეგის. ორივე გუნდმა ლამაზი თამაში ვაჩვენეთ. დიდი მადლობა ბიჭებს ასეთი მონდომებისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ ასე გავაგრძელებთ სვლას“.
ალექსი ტკაჩოვი, თსუ 2: „მოწინააღმდეგე ძალიან კარგი გუნდია და მშვენიერ ფუტსალს თამაშობს, იბრძვიან. რიგ შემთხვევებში, მეტი მობილიზება გვმართებდა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა მთელი თამაში. ჩვენც გვქონდა რაღაც შანსები და ვერ გამოვიყენეთ. მეტოქესაც ჰქონდა რეალური შანსები. როგორც ყოველთვის, ქუთაისთან ყველა თამაში დაძაბულია და დღესაც არ იყო გამონაკლისი. გადამწყვეტი თამაშისგან ისევ თავდაუზოგავ ბრძოლას ველი ორივე გუნდისგან და ლამაზ ფეხბურთს ველი“.
„ქუთაისი 2“-სა და „თსუ 2“-ს შორის ნახევარფინალისტი გადამწყვეტ შეხვედრაში გამოვლინდება. 1/4 ფინალური ეტაპის სხვა შეხვედრები 15 მარტს თბილისში, არენა 2-ში გაიმართება.