მოქმედმა ჩემპიონმა "ქუთაისი 2"-ს 1/4 ფინალის პირველ შეხვედრაში სძლია!
ყველა სიახლესპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 2-ის 1/4 ფინალური სერიის შეხვედრები გასული სეზონის ფინალური წყვილის დაპირისპირებით გაგრძელდა. „თსუ 2“-მა ნაცნობი მეტოქე, „ქუთაისი 2“, 5-2 დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა.
გუნდებმა საწყის წამებში გოლები გაცვალეს. მალევე „თსუ 2“ წინ გავიდა. ტაიმის მიწურულს „იმერლმებმა“ წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ გეგა კოშაძემ აქტივში დუბლი მიითვალა და „სტუდენტებს“ უპირატესობა დაუბრუნა. ოცდამეექვსე წუთზე ლუკა გაგნიძემ სხვაობა გაზარდა (4-2), საბოლოო ანგარიში კი ალექსი ტკაჩოვმა შორეული მანძილიდან გატანილი მეორე გოლით დააფიქსირა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გეგა კოშაძე, თსუ 2: „თავიდან მართლაც რაღაც უცნაურად დაიწყო თამაში. მეტოქემ გადმოგვიგდო ბურთი, ჩვენც გადავუგდეთ და ჩემი აზრით, კურიოზული გოლი გავიდა. შემდეგ უკვე სამართლიანი თამაშის მოტივით გავატანინეთ. მეტოქემ იბრძოლა. პირველი ტაიმის ბოლოს ფრე გაგვიხადეს, მაგრამ დაწყებისთანავე გავედით წინ. მეორე ტაიმისთვის უფრო მობილიზებულები გამოვედით. დაცვაშიც კარგად ვიდექით. ბევრი შანსი გვქონდა, რაღაცები ვერ გავიტანეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენი გამარჯვებით დამთავრდა თამაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნახევარფინალში გავიდეთ“.
მალხაზ შველიძე, ქუთაისი 2: „კარგი თამაში იყო. მეტოქემ იბრძოლა და შედეგიც დადო. რაც შეეხება ჩვენ გუნდს, ისევ დანაკლისია, არ გვყავს შემცვლელი, ამიტომ დავმარცხდით. ყველაფერი დაღლის ბრალი იყო და გამოვასწორებთ შემდეგში“.
ლიგა 2-ის პირველი 1/4 ფინალური შეხვედრები არენა 2-ში გრძელდება.