"გორმა" "დინამო"-სთან მარტივი სამი ქულა აიღო!

ყველა სიახლე
09 თებერვალი 2024


ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის მეთერთმეტე ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს „დინამო თბილისი“ და „გორი“ დაუპირისპირდნენ. „გორელებმა“ მეტოქე შედარებით დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ უშანსოდ დატოვეს და 8-3 დაამარცხეს.

„თბილისელებმა“ ანგარიში მეჩვიდმეტე წუთზე გახსნეს. ტაიმის დასრულებამდე „გორმა“ წონასწორობა აღადგინა და წინ გავიდა, რის შემდეგაც უპირატესობა არ დაუთმია. შეხვედრის მეორე ნახევარი სრულად „გორელების“ კარნახით წარიმართა და „დინამომ“ ზედიზედ მესამე მარცხი იწვნია.

მატჩში საუკეთესო ჰეთ-თრიკით და ერთი საგოლე გადაცემით ნიკა ოქროპირიძე იყო.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ნიკა ოქროპირიძე, გორი: „თავიდან დაძაბული თამაში იყო. ვაგებდით კიდევაც ერთით ნულს. შემდეგ გამოვასწორეთ. მოსაგებად ვიყავით ჩამოსულები ამხელა გზაზე და ვაჯობეთ მეტოქეს ყველაფერში. კარგი თამაში გამოგვივიდა. პირველ ტაიმში ბრძოლობდა დინამო, შემდეგ დაღლა შეეტყოთ აშკარად. გამოვასწორეთ თამაში. ვეცდებით შემდეგი მატჩიც ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდეს და ცხრილში მაღლა ავიწიოთ. ამ ანგარიშს არ ველოდით, ეტყობა რომ კარგი გუნდია, მაგრამ დღეს არ წაუვიდათ თამაში“.

გიგა ლაგაზაშვილი, დინამო: „გუნდს სამი წამყვანი მოთამაშე აკლია, რაც ტრავმებმა განაპირობა. ისინი გუნდის თითქმის ნახევარზე მეტ ძალას წარმოადგენენ და ის ბირთვია, რომლითაც შარშან ჩემპიონობა მოვიპოვეთ. გორმა დამსახურებულად გაიმარჯვა. ჩვენი წაგება გუნდში დანაკლისით არის განპირობებული. ახალი ბიჭები მოვიდნენ, რომელთაც ნაკლები გამოცდილება აქვთ. ორ-სამ კაცს გვიწევს ძირითადად თამაში და ჯერ-ჯერობით სრულად პარკეტზე ყოფნა არ გამოგვდის. ძნელია ჩვენ რამეს დავნებდეთ. უფრო დაღლამ იქონია გავლენა შედეგზე. მეორე ტაიმში გატანილი გოლის შემდეგ მოტივაცია მოგვეცა და შეგვეძლო მოგება, მაგრამ სპორტია და ასეც ხდება“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეთორმეტე ტური 13 თებერვალს ქუთაისში დაიწყება და 17 თებერვალს თბილისში დასრულდება.

  © SBM, 2016-2024