"ლოგოსმა" ახალგაზრდულ ლიგაში პირველი ქულები აიღო!

ყველა სიახლე
27 იანვარი 2024


ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის 2023/24 წწ. სეზონის მესამე ტურის შეხვედრები სპორტ კომპლექს არენა 2-ში „ბაქსვუდი“-სა და „ლოგოსი“-ს დაძაბული დაპირისპირებით გაგრძელდა.

გარდამავალ უპირატესობაში „ლოგოსმა“ მეტოქე 5-3 დაამარცხა და პირველი გამარჯვება იზეიმა.

მესამე წუთზე „ლოგოსი“ წინ გავიდა. „ბაქსვუდმა“ წონასწორობის აღდგენა და წინ გასვლა შეძლო, მეორე ტაიმის სტარტზე კი სხვაობა ორბურთიანი გახადა (3-1). „ლოგოსმა“ ანგარიში ოცდამეშვიდე და ოცდამერვე წუთებზე გატანილი გოლებით გაათანაბრა, თამაშის დასრულებამდე კი უპირატესობა ხუთამდე გაზარდა. გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო დუბლით და ერთი შედეგიანი გადაცემით ილია ბოცვაძე იყო. მეტოქის რიგებიდან ორი საგოლე გადაცემით გიორგი ფირცხალაიშვილი გამოირჩა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ოთარ ქარჩავა, ლოგოსი: „ძალიან კარგი მატჩი იყო. ჩვენ გუნდს მოგვწონს ფუტსალი. თითქოს მეორე ტაიმში სხვა გუნდი გამოვედით. თავიდან კარგად დავიწყეთ, მერე ავირიეთ. მეორე ტაიმში გუნდის დალაგებამ გამოიღო შედეგი და გოლები გავიტანეთ. პირველი გოლი რომ გავიტანეთ მეორე ტაიმში და ჯერ გათანაბრების, შემდეგ კი წინ გასვლის შანსი მოგვეცა, ეს იყო გარდამტეხი მომენტი. საკმაოდ რთული თამაში გამოვიდა. მოგვიწია ბრძოლა და კარგად თამაში მოსაგებად. ვფიქრობ, მეტოქე დაიღალა ბოლოს“.

გიორგი ფირცხალაიშვილი, ბაქსვუდი: „ცუდად დავიწყეთ, შემდეგ გამოვასწორეთ და წინ გავედით, მაგრამ მეტოქე დაგვეწია და ბოლოს გაგვასწრო. კარგი მეტოქე გვყავდა. მიზეზი, ჩემი აზრით, ის იყო, რომ ბოლოსკენ დავიღალეთ, მოვდუნდით. უფრო სამწუხაროა, როდესაც უპირატესობა გაქვს და აგებ, მაგრამ სპორტია და ყველაფერი ხდება. საკმაოდ თანაბარი თამაში იყო. ყოველ წამს შეიძლებოდა ჩვენც მოგვეგო, იმათაც მოეგოთ. შედეგით არა, მაგრამ ბიჭების მონდომებით კმაყოფილი ვარ. ბევრისთვის პირველი თამაში იყო დღეს და ყურების ჩამოყრას არ ვაპირებთ“.

ახალგაზრდული ლიგის მესამე ტურის დარჩენილ ორ შეხვედრაში „პირველი სკოლა“ „კომაროვს“ ეთამაშება, „გრანდ ავლაბარი“ კი „ბეტისის აკადემიას“ დაუპირისპირდება.

  © SBM, 2016-2024