"ქუთაისი 2"-მა თასის საგზური დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი „ქუთაისი 2“-მა წარმატებით გადალახა.
„იმერლებმა“ დაძაბულ ბრძოლაში „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“-სთან პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 5-1-დან შემოატრიალეს და მეტოქეს 6-5 დაამარცხეს.
საწყის თორმეტ წუთში „ბსსა“ წინ ოთხი გოლით გავიდა. ბესიკ ბალაძის დუბლით და რეზო მალაყმაძის ჰეთ-თრიკით „მეზღვაურებმა“ პირველი ნახევარი დამაჯერებლად მოიგეს. მეთხუთმეტე წუთზე მეტოქემ ექვსმეტრიანი საჯარიმო დარტყმით სხვაობა შეამცირა. მეორე ტაიმში „ქუთათურებმა“ „ბსსა“-ს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს და თასზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
გამარჯვებული გუნდიდან სამი გოლია ბიქტორ გვეტაძის სახელზე, დუბლი შეასრულა დავით მარგველაშვილმა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ბესიკ ბალაძე, ბსსა: „ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში კარგი თამაში იყო. პირველი ტაიმი 5-1 მოვიგეთ. არ გვეგონა ბოლოს ასე თუ განვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ ჩვენთვის გაკვეთილი იქნება. ძალიან გვინდოდა ამ თამაშის მოგება. პირველ ტაიმში მარტივად ვიმარჯვეთ და ამან იქონია შემდეგ გავლენა, მოვეშვით, რამაც მარცხი გამოიწვია. ვიცოდით, რომ „ქუთაისი 2“ კარგი გუნდია. ვფიქრობ, საჩემპიონო გუნდიც შეიძლება იყოს“.
ბიქტორ გვეტაძე, ქუთაისი 2: „ლიგა 3-ის გუნდია, მაგრამ ძალიან მომეწონა ეს მოთამაშეები. ვაკვირდებით ამ ჩემპიონატს და ვფიქრობ, ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია. ადვილი თამაში ნამდვილად არ იყო, გამოცდილების ხარჯზე მოვიგეთ. თავიდან ცოტა გამოუცდელი მეკარე დავაყენეთ, გვინდოდა ბევრს ეთამაშა. ცოტა დაბნეულები ვიყავით, მალევე მივიღეთ გოლები, მაგრამ შემდეგ გონს მოვეგეთ. შემდეგ ეტაპზე, სავარაუდოდ, უმაღლესი ლიგის გუნდს შევხვდებით და კარგ ფეხბურთს ვითამაშებთ რაც მთავარია“.
სპორტ კომპლექს არენა 2-ში თასის საკვალიფიკაციო ეტაპის სხვა შეხვედრები 20 და 21 იანვარს გაიმართება.