ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგაში პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა!

ყველა სიახლე
10 დეკემბერი 2023


სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის სადებიუტო სეზონმა სტარტი აიღო. პირველი ტურის შეხვედრები უხვგოლიანი გამოდგა. „გრანდ ავლაბარმა“, „კომაროვმა“, „სასკოლო აკადემიამ“ და „პირველმა სკოლამ“ ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს.

დღის გახსნით მატჩში „გრანდ ავლაბარმა“ „ბაქსვუდის სკოლა“ 11-2 დაამარცხა. „გრანდ ავლაბარმა“ თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა და მეტოქეს ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა, მეორე ნახევარში კი სხვაობა სოლიდური გახადა. „ავლაბრის“ რიგებიდან გიორგი ქსოვრელმა პოკერი შეასრულა, ჰეთ-თრიკი და ორი საგოლე გადაცემაა გიორგი აირაპეტიანის სახელზე. მეტოქე გუნდიდან ორივე გოლის ავტორი ნიკოლოზ დიხამინჯიაა.

„კომაროვმა“ პირველი ქულები „ხაშურის N9 საჯარო სკოლასთან“ აიღო. „მათემატიკოსებმა“ მოწინააღმდეგეს 11-6 სძლიეს. მესამე წუთზე მიღებულ გოლს „კომაროვმა“ მალევე უპასუხა და წინ გავიდა, რის შემდეგაც უპირატესობა აღარ დაუთმია. გამარჯვებულთა მხრიდან სამი გოლი დემეტრე კუხალაშვილმა გაიტანა. „ხაშურის N9 საჯარო სკოლიდან“ თაზო ახალკაცმა და ლუკა ჩიქოვანმა დუბლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალეს.

უშანსოდ, 12-0 მოუგო „სასკოლო ლიგის აკადემია“-მ „ბეტისის აკადემია“-ს. „სასკოლო აკადემიას“ გამარჯვებაში ხუთი გოლით და ერთი ასისტით თორნიკე გულიაშვილი დაეხმარა.

„პირველი სკოლა“ ტურის დასკვნით მატჩში „ლოგოსს“ დაუპირისპირდა და 8-3 იმარჯვა. მეოთხე წუთზე „ლოგოსი“ წინ გავიდა. ტაიმის დასრულებამდე თაზო გაბელიამ ანგარიში გაათანაბრა და „თბილისის კლასიკური გიმნაზია“ დააწინაურა, თამაშის ბოლომდე კი აქტივში კიდევ ერთი გოლი მიითვალა. დუბლი გაიფორმეს გიორგი ჯანიკაშვილმა და გივი გითოლენდიამ.

ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის მეორე ტურის შეხვედრები 23 და 24 დეკემბერს სპორტ კომპლექს არენა 2-ში გაიმართება.

  © SBM, 2016-2024