"ჯიპა"-მ "ტიფლისი" უშანსოდ დატოვა და ცხრილში პირველობა წაართვა!

ყველა სიახლე
02 დეკემბერი 2023


ფუტსალის ლიგა 3-ის მეექვსე ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს სატურნირო ცხრილის ლიდერები, „ჯიპა“ და „ტიფლისი“, დაუპირისპირდნენ. „ჯიპა“-მ „ტიფლისი“-ს მოგებების სერია დაასრულა, მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა, ანგარიშით 4-1 და ჩემპიონატში პირველობა დაიბრუნა.

სანახაობრივ შეხვედრაში ანგარიში გურამ ნადარეიშვილმა მეორე წუთზე გახსნა და „ტიფლისი“ დააწინაურა. „სტუდენტებმა“ წონასწორობა დაჩი საღარაძის გოლით მალევე აღადგინეს და წუთნახევრიან ინტერვალში ლუკა ვარძელაშვილმა გუნდი წინ გაიყვანა. შეხვედრის მეორე ნახევარში, მცდელობების მიუხედავად, „ტიფლისმა“ სხვაობის შემცირება ვერ შეძლო და საკუთარ კარში ჯერ ავტოგოლი მიიღო, შემდეგ კი გიორგი ხუგაშვილის ეფექტური დარტყმით საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დაჩი საღარაძე, ჯიპა: „ძალიან კარგი მატჩი გამოვიდა. თანაბარი ორთაბრძოლა იყო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ვაჯობეთ მეტოქეს. სათამაშო დისციპლინით გამოვირჩევით ზოგადად. წინა შეხვედრაში „აწსუ“-სთან ყველაზე ცუდი თამაში გვქონდა, რაც კი აქამდე ყოფილა, დღეს კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მაგრამ კიდევ მეტი შეგვიძლია. პირველი წამებიდან გვჯეროდა, რომ მოვიგებდით. სწრაფი გოლი მივიღეთ თავიდან, მაგრამ ამისთვისაც მომზადებულები ვიყავით და არ იმოქმედა საერთოდ ფსიქოლოგიურად“.

გურამ ნადარეიშვილი, ტიფლისი: „ძალიან კარგი თამაში იყო. ძლიერი გუნდია ჯიპა, ვიცით, რომ ჩვენი უშუალო კონკურენტები არიან და თასისთვის ბრძოლაში ბევრჯერ შეგვეცილება. თავიდან წინ გავედით, შემდეგ უკან ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, მივიღეთ ბურთები და წინ მომენტების რეალიზება ვერ შევძელით. მეტოქემ მართლა იბრძოლა და კარგი თამაში გვაჩვენა. მომენტები ორივე მხარეს იქმნებოდა, ჯიპა-ს მეკარეს გამოვარჩევდი, ბევრი კარგი ბურთი მოიგერია. ვიგებდით, ჩვენ ხელში იყო თამაში და კონცენტრაცია დაგვაკლდა. უაზრო შეცდომებით დავმარცხდით დღეს, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ“.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეექვსე ტურის დასკვნითი მატჩი 5 დეკემბერს გორის სპორტის სასახლეში „ბათუმის სპორტულ ცენტრსა“ და „აწსუ“-ს შორის გაიმართება.

  © SBM, 2016-2024