"სეუ"-მ UG-ის პირველი წრის ბოლოს ლიდერობა წაართვა!

ყველა სიახლე
02 დეკემბერი 2023


სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის მეშვიდე ტურის მატჩში ერთმანეთს სატურნირო ცხილის ლიდერები „საქართველოს უნივერსიტეტი“ და „სეუ“ დაუპირისპირდნენ.

გულშემატკივრობის საოცარი ატმოსფეროს ფონზე გამართულ დრამატულ მატჩში „სეუ“-მ მეტოქე 6-4 დაამარცხა და პირველი წრე ლიდერის ამპლუაში დაასრულა.

შეხვედრა „UG“-ის უპირატესობით დაიწყო. მეთერთმეტე წუთზე გუნდი ორბურთიანი უპირატესობით იგებდა. „სეუ“-მ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და მეტოქის გაუქმებული გოლის შემდეგ ტაიმის მიწურულს ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმით წონასწორობაც აღადგინა (2-2).

მეორე ნახევრის საწყის წუთებში UG კვლავ წინ გავიდა, მაგრამ „სეუ“-მ ანგარიში მალევე გაათანაბრა და ორი ბურთით დაწინაურდა. დარჩენილ დროში გუნდებმა კიდევ თითო ბურთი გაცვალეს და „სეუ“-მ მეტოქეს საბოლოოდ 6-4 სძლია.

გამარჯვებული გუნდიდან დუბლით სანდრო ობოლაძე გამოირჩა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

მიქაელ იორამაშვილი, UG: „სატურნირო ცხრილის პირველ-მეორე ადგილოსნები ვთამაშობდით. ძალიან კარგად დავიწყეთ. ორბურთიანი უპირატესობით ვიგებდით. იყო მსაჯების წვრილ-წვრილი შეცდომები, პირველ ტაიმშივე ბევრ ჯარიმაზე დაგვსვეს და ფრთხილად მოგვიწია თამაში, რასაც მოჰყვა გოლები ჩვენს კარში. ყველაზე დიდი გავლენა იქონია, როცა სამით ერთი გავხადეთ ანგარიში და განხილვის შემდეგ გოლი გაგვიუქმეს, რაც აქამდე არ გამიგია. მეორე ტაიმიც დაძაბულად დაიწყო. კვლავ წინ გავედით, მაგრამ შეცდომები დავუშვით. შემდეგ კაცი გაგვიგდეს. ხუთზეც შევუტიეთ და ერთი ბურთი გავქვითეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა. ასეთ ატმოსფეროში თამაში სულ სხვანაირი იყო და მადლობა მოსულ გულშემატკივარს. წავაგეთ, მაგრამ წინ დიდი გზაა და ვეცდებით ჩემპიონები გავხდეთ“.

სანდრო ობოლაძე, სეუ: „ძალიან კარგი იყო ყველაფერი. ლიდერების ბრძოლა იყო და დღეს წყდებოდა ვინ დაასრულებდა პირველ წრეს პირველ ადგილზე. თავიდანვე ბრძოლისუნარიანობით გამოვირჩეოდით, მოვიგეთ და ძალიან ბედნიერები ვართ. გაჩერებას არ ვაპირებთ. ორივე მხარეს გულშემატკივრები ძალიან კარგები იყვნენ. მშვენიერი ატმოსფერო შექმნეს, რაც დაგვეხმარა ამ თამაშის მოგებაში. თითოეული წამი ძალიან დაძაბული იყო და შესაბამისად, ყველა გოლი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. თავიდან ვაგებდით, მაგრამ არ მოვდუნდით და ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეშვიდე ტურის მორიგი შეხვედრა სპორტ კომპლექს არენა 2-ში 2 დეკემბერს გაიმართება. პირველი წრე 5 დეკემბერს გორის სპორტის სასახლეში დასრულდება.

  © SBM, 2016-2024