"ჯიპა"-ს ოთხმატჩიანი უდანაკარგო სერია "აწსუ"-მ დაასრულა!

ყველა სიახლე
25 ნოემბერი 2023


ფუტსალის ლიგა 3-ის 2023-24 წწ. სეზონის მეხუთე ტურის დასკვნით მატჩში „ჯიპა“-მ სპორტ კომპლექს არენა 2-ში „აწსუ“-ს უმასპინძლა. დაძაბულ „სტუდენტურ დერბიში“ „აწსუ“-მ მეტოქე 3-2 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში როგორც პირველი ქულები, ასევე სატურნირო ცხრილში ლიდერობაც დააკარგვინა.

გიორგი გიორგაძემ ანგარიში მერვე წუთზე გახსნა და „იმერლები“ წინ გაიყვანა. რამდენიმე წუთში ამირან ონიანმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. მალევე ლუკა ვარძელაშვილმა ჩამორჩენა შეამცირა და ტაიმი 2-1 დასრულდა. ოცდამეთორმეტე წუთამდე გუნდებმა კიდევ თითო ბურთი გაცვალეს - ალექსანდრე კაბოსნიძეს „ჯიპა“-ს რიგებიდან გიორგი ტაბახმელაშვილმა უპასუხა. დარჩენილ დროში ბევრი სახიფათო მომენტის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა.

ამ შედეგით „ჯიპა“-მ "ტიფლისს" მეხუთე ტურის შემდეგ ვერ გადაუსწრო და ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ბექა მირიანაშვილი, ჯიპა: „ზედიზედ მოგებები, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ერთხელ არეულობა მოხდებოდა და ქულას დავკარგავდით. ეს არ არის ჩემი აზრით ის პრობლემა, რომელსაც ვერ მოვაგვარებთ. ყოჩაღ მეტოქეს. ჩვენი ბრალიც არის, რადგან რაც გვქონდა ჩაფიქრებული ვერაფერი გავაკეთეთ. არ იყო ჩვენი დღე და შემდეგში გამოვასწორებთ. მოწინააღმდეგეს მეკარეს ყოჩაღ, ბევრი ბურთი აიღო. ცარიელ კარებშიც ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და ეს ჩვენი ბრალია. შემდეგი თამაშიც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კვირაში ვიმუშავებთ, რომ „ტიფლისთან“ ჩვენი საუკეთესო თამაში ვანახოთ“.

გიორგი გურეშიძე, აწსუ: „კარგი გუნდია ჯიპა. „ტიფლისთან“ თამაშიდან მეორე კვირას ვიცოდით, რომ „ჯიპა“-ს ვხვდებოდით, წინა თამაშში „რუსთავთან“ დავმარცხდით და ეს იმან განაპირობა, რომ უფრო „ჯიპა“-სთვის ვემზადებოდით. წინა ტურში ცოტა მოვეშვით, გვეგონა გამზადებული სამი ქულა გვქონდა და ასე არ ხდება ამ სპორტში. დღეს რვა კაცი ვიყავით და ყველამ ნახა, რომ მაქსიმალურად მომზადებულები ვიყავით. ვიცოდით, „ჯიპა“ ფავორიტი იყო დღეს და ასეთ გუნდებთან უკეთ ვთამაშობთ, მოდუნება არ ეტყობოდათ ბიჭებს. მაღალი მიზნებისთვის ვიბრძვით, შეიძლება ბევრს გაეცინოს, მაგრამ წელს ჩემპიონობა გვინდა. ეს მოგება დიდ მუხტს მოგვცემს, ეს წრე ოთხეულში გვინდა დავასრულოთ“.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეექვსე ტური 2 დეკემბერს თბილისში და 5 დეკემბერს გორში გაიმართება.

  © SBM, 2016-2024