„სეუ“ ლიგა 2-ში მარცხის გარეშე ასპარეზობას აგრძელებს!

ყველა სიახლე
22 ნოემბერი 2023


ქუთაისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის მეექვსე ტურის დასკვნითი შეხვედრა „ქუთაისი 2“-სა და „სეუ“-ს შორის გაიმართა. დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ „სეუ“-მ დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვა, 6-2 იმარჯვა და ჩემპიონატში კვლავ ერთადერთ გუნდად რჩება, რომელსაც ჯერ მარცხი არ აქვს. 

საწყის ტაიმში „სტუდენტები“ წინ ზაქრო მირზაშვილის გოლით გავიდნენ. გიორგი აბაშიძემ წონასწორობა მეთექვსმეტე წუთზე აღადგინა. ტაიმის მიწურულს ლუკა ბერიაშვილმა „სეუ“-ს უპირატესობა დაუბრუნა და ანგარიში 2-1 გახადა, მეორე ტაიმში კი დუბლიც გაიფორმა.

შეხვედრის მეორე ნახევარი „სეუ“-ს დომინაციით წარიმართა. აქტივში მეორე გოლი ზაქრო მირზაშვილმაც მიითვალა. მიუხედავად "ქუთათურების" მეკარის კარგი თამაშისა 'სტუდენტებმა" საბოლოოდ კომფორტული სხვაობით იმარჯვეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლუკა ბერიაშვილი, სეუ: „ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. პირველი ტაიმი დაძაბული იყო. ორივე მხარეს ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერც ერთმა გამოვიყენეთ. მეორე ტაიმში ჩვენმა მწვრთნელმა, ამირან ცხომარიამ, ტაქტიკურად დაგვალაგა, დავალებები მოგვცა და ამან შედეგიც გამოიღო. მეორე ტაიმის მიწურულს გავიტანეთ გოლი, რაც „ქუთაისზე“ აისახა, რადგან ბოლო წამებზე მიღებული გოლი ყოველთვის რთულია. მეორე ტაიმში სტანდარტულები მეტად გამოვიყენეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ“.

დიმიტრი მეფარიძე, ქუთაისი 2: „ჩემი აზრით ორივე ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, უბრალოდ არ გაგვიმართლა. ანგარიში რეალურ თამაშს არ ასახავს. ვეცდებით მომავალში რევანში ავიღოთ. ახალგაზრდა მოთამაშეები გვყავს, რომლებიც ახლა იმკვიდრებენ ფუტსალში თავს და ვფიქრობ, მომავალში კარგად იქნება ყველაფერი“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეშვიდე ტური სტარტს სპორტ კომპლექს არენა 2-ში 1 დეკემბერს აიღებს.

  © SBM, 2016-2024