სანახაობრივი "სტუდენტური დერბი" ფრედ დასრულდა!
ყველა სიახლესპორტკომპლექს არენა 2-ში სათამაშო დღე ფუტსალის ლიგა 2-ის მეოთხე ტურის მატჩით დასრულდა და ქულები კიდევ ერთმა ლიდერმა „სეუ“-მ დაკარგა.
„სტუდენტურ დერბიში“ „სეუ“-ს „ილიაუნი 2“ დაუპირისპირდა. დაძაბული და სახიფათო მომენტებით სავსე დრამატული მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.
პირველი ტაიმი „ილიაუნი“-მ ნიკა ჩალაძის გოლით მინიმალური ანგარიშით მოიგო. ორმხირივი შეტევები შეხვედრის მეორე ნახევარში კიდევ უფრო აქტიური გახდა. ოცდამეათე წუთზე ამირან ცხომარიამ ანგარიში გაათანაბრა, რის შემდეგაც ორივე გუნდს ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ლუკა ბერიაშვილი, სეუ: „კარგი და დაძაბული თამაში გამოვიდა. პირველი ტაიმი წავაგეთ, მაგრამ შემდეგ შევძელით და ანგარიში ერთით ერთი გავხადეთ. მომენტებში უპირატესობა ჩვენ გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მეტის გაკეთება შეიძლებოდა. დღეს არ გაგვიმართლა, იღბალიც საჭიროა. ყველაფრის მიუხედავად მომეწონა თამაში. შეგვეძლო მოგებით თსუ 2-ს გავთანაბრებოდით ქულებით, მაგრამ ფუტსალია და ასე ხდება. ვეცდებით ქულები აღარ დავკარგოთ, ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა. სასიამოვნოა, როცა ხალხი მოდის და ასე გგულშემატკივრობს მოთამაშისთვის ორმაგი მოტივაციაა, ამიტომ მადლობა მათ“.
ნიკა ჩალაძე, ილიაუნი 2: „სასწაული ატმოსფერო იყო. ორივე გუნდის გულშემატკივარმა დიდი მუხტი მოგვცა, ძალიან კარგი ქომაგები იყვნენ. ორივე გუნდმა ყველაფერი გავაკეთეთ. გარდამავალი თამაში იყო. ფრე დამაკმაყოფილებელი შედეგია, ორივეს შეგვეძლო მოგება. მომენტებთან შედარებით, ცოტა გოლი გავიდა, რაც მეკარეების დამსახურებაა. თორნიკემ ძალიან ბევრი ბურთი მოიგერია, სეუ-ს მეკარეც კარგად გამოიყურებოდა. ჩვენ რომ ვერ გამოვიყენეთ მომენტები, მათი დამსახურებაა. ვარჯიშებზე ვმუშაობთ ფიზიკურ გამძლეობაზე, რაც დღეს ძალიან დაგვეხმარა და ამის დამსახურებაა ეს შედეგიც“.
მას შემდეგ, რაც “სეუ“-მ ქულები დაკარგა, „თსუ 2“ UG-სთან გამარჯვებით სატურნირო ცხრილის ლიდერი გახდა.
ფუტსალის ლიგა 2-ის მეოთხე ტურის დასკვნითი მატჩი ქუთაისის სპორტის სასახლეში 7 ნოემბერს „ქუთაისი 2“-სა და „ევროპის უნივერსიტეტს“ შორის გაიმართება.