"თსუ 2"-მა UG-ს სატურნირო ცხრილში ლიდერობა დააკარგვინა!

ყველა სიახლე
04 ნოემბერი 2023


ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის მეოთხე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს „საქართველოს უნივერსიტეტი“ და „თსუ 2“ დაუპირისპირდნენ. სანახაობრივი მატჩი „თსუ“-ს გამარჯვებით 6-4 დასრულდა და UG-მ მიმდინარე სეზონში პირველ ქულებთან ერთად ლიდერობაც დაკარგა.

შეხვედრაში ანგარიში საბა ეგრისელაშვილმა მეთორმეტე წამზე გატანილი გოლით გახსნა და „თსუ“ წინ გაიყვანა, საწყის ათ წუთში კი მოქმედი ჩემპიონები სამბურთიანი უპირატესობით იგებდნენ (4-1). ტაიმის ბოლომდე UG-მ კიდევ ერთი ბურთი გაქვითა. მეორე ნახევარში ანგარიში მინიმუმამდე შემცირდა (5-4). ბოლო წამებზე „თსუ“-ს კართან სახიფათო მომენტები შეიქმნა, მაგრამ ხუთით შეტევაზე გადმოსულმა მეტოქემ გოლი საკუთარ კარში მიიღო (6-4).

გამარჯვებული გუნდიდან პოკერი გაიფორმა გეგა კოშაძემ.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

მიქაელ იორამაშვილი, UG: „მნიშვნელოვანი მატჩი იყო. ცოტა მძიმედ დავიწყეთ, პირველივე წამებზე გოლი მივიღეთ. მეორე ტაიმი მთლიანად ჩვენი უპირატესობით მიმდიანრეობდა. ბოლოსკენ ხუთზე შეტევაც გადავწყვიტეთ და იყო ძალიან ბევრი მომენტი. დღეს იღბალი არ იყო ჩვენს მხარეს. პირველი მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ მთელი სეზონი წინ არის და ვეცდებით აღარ განმეორდეს. ბოლო წამებზე უნდა გაგვეტანა ხუთით ოთხზე, ძელს მოხვდა და აქეთ მივიღეთ გოლი, რაც ძალიან სამწუხაროა. მაგრამ ამით არის საინტერესო ეს სპორტი“.

გეგა კოშაძე, თსუ 2: „ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდა მართლაც. მოწინააღმდეგე გუნდის კარგი ბრძოლაც უნდა აღვნიშნო. თავიდანვე ვიცოდით როგორი მნიშვნელოვანი თამაში იყო და მობილიზებულები გამოვედით. პირველი ტაიმი ოთხით ორი მოვიგეთ. მეორე ტაიმში უფრო დაძაბულობა იყო. შეცდომები გაგვეპარა, ცოტა დაღლა დაგვეტყო და დაცვაში უყურადღებობა შეინიშნებოდა, მაგრამ საბედნიეროდ ჩვენი გამარჯვებით დასრულდა შეხვედრა და ძალიან გახარებულები ვართ“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეოთხე ტურის სხვა შეხვედრაში დღეს „სეუ“ „ილიაუნი 2“-ს ეთამაშება.

  © SBM, 2016-2024