"ჯიპა"-მ მეორე მატჩიც მოიგო და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა!

ყველა სიახლე
03 ნოემბერი 2023


სპორტ კომპლექს „არენა 2“-ში ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის მეორე ტური სტუდენტური დერბით გაგრძელდა. „ჯიპა“ „საქართველოს უნივერსიტეტი 2“-ს დაუპირისპირდა, 5-1 იმარჯვა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა.

პირველი ტაიმი „ჯიპა“-მ თორნიკე ზოიძეს და ბექა მირიანაშვილის გოლებით მოიგო. მეორე ნახევრის დაწყებიდან ორ წუთში ნიკა კუპრავიშვილმა ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ მალევე ზურაბ ცქიტიშვილმა ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. მატჩის ბოლო ორ წუთში გიორგი ტაბახმელაშვილმა და დავით ბერიძემ თითო გოლი მიითვალეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დაჩი საღარაძე, ჯიპა: „ველოდით, რომ მოვიგებდით. თავიდან ძალიან გაგვიჭირდა, დაბნეულები ვიყავით, მაგრამ რომ მივეჩვიეთ თამაშს ყველაფერი კარგად წავიდა. ხუთზე რომ გვიტევდნენ გაგვიჭირდა. კიდევ უფრო მეტი შეგვიძლია და განვვითარდებით. ყველა ვარჯიშზე ან ფიზიკურად ვიტვირთებით ან სტანდარტებზე ვვარჯიშობთ. ფუტსალში ბევრი გოლი გადის სტანდარტულებიდან და ამიტომაც აქტიურად ვმუშაობთ ამაზე. მეტოქეს დღეს დისციპილინაში ვაჯობეთ, უკეთ დამუშავებული კომბინაციები გვქონდა და გამოცდილებამაც იმოქმედა“.

ნიკოლოზ კოპალიანი, UG2: „ძალიან კარგი და დაძაბული მატჩი იყო. პირველ ტაიმში დაშვებულმა შეცდომებმა გადაწყვიტა ჩვენი ბედი. პირველი ორი გოლი ცუდად გავუშვით. მეორე ტაიმში ცოტა აჭრილები გამოვედით და მაქსიმუმი ვერ ვაჩვენეთ. ორით ერთს რომ ვაგებდით დაძაბულებული ვიყავით, რადგან გასატანი გვქონდა გოლი და ამან ხელი შეგვიშალა“.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეორე ტურის დარჩენილი შეხვედრები 4 ნოემბერს თბილისში და 7 ნოემბერს ქუთაისში გაიმართება.

  © SBM, 2016-2024