ევროპის უნივერსიტეტმა "სტუდენტურ დერბიში" ილიაუნი 2 დაამარცხა!

ყველა სიახლე
29 ოქტომბერი 2023


ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის მესამე ტური თბილისში, სპორტკოპლექს „არენა 2“-ში გამართული „სტუდენტური დერბით“ გაგრძელდა. „ევროპის უნივერსიტეტმა“ „ილიაუნი 2“ 3-1 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი ქულები მოიპოვა.

ირაკლი გაბისკირიამ “EU” თამაშის დაწყებიდან მეოთხე წუთზე დააწინაურა, მეორე ტაიმში კი სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. ოცდამეთექვსმეტე წუთზე ნიკა ჩალაძემ ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ დარჩენილ დროში გივი ყურაშვილმა EU-ს სასარგებლოდ მესამე გოლიც გაიტანა და გუნდმა პირველი სამი ქულა აიღო.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ნიკა ჩალაძე, ილიაუნი 2: „თითქმის მთელი თამაში ჩვენ ვაკონტროლებდით ბურთს, უბრალოდ ვერ გამოვიყენეთ ის სახიფათო მომენტები, რომლებიც შევქმენით. აქედან გამომდინარე დაფიქსირდა ეს შედეგი. შემდეგ ხუთი ოთხზე ვუტევდით და მესამე გოლიც მივიღეთ. ვიცოდით, რომ „ევროპის უნივერსიტეტი“ კარგი გუნდი იყო და სათანადოდ ვაფასებდით, უბრალოდ არ გაგვიმართლა. პირველ ტაიმში ჩვენ მიგვყავდა თამაში, მაგრამ ისე მოხდა, რომ შეცდომა დავუშვით უკან და გაგვიტანეს გოლი“.

ირაკლი გაბისკირია, EU: „სეზონი თავიდანვე დანაკლისით დავიწყეთ, ჯერ კიდევ არ ვართ ბოლომდე ჩამოყალიბებული. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი სტარტი გვქონდა, ხასიათს ვინარჩუნებდით და მარტივად არ ვთმობდით გამარჯვებას. ილიაუნის კარგად ვიცნობთ, მებრძოლი გუნდია, ძალიან კარგი ბიჭები თამაშობენ. თანაბარ თამაშში უპირატესობა გარდამავალი იყო. საბოლოო ჯამში გარდამტეხ მომენტებში მოვახერხეთ გოლის გატანა. კიდევ გავძლიერდებით და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ“.

„არენა 2“-ში დღეს ფუტსალის ლიგა 2-ის მესამე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრაც გაიმართება.

  © SBM, 2016-2024