"UG"-მ "ქუთაისი 2" ოთხბურთიანი სხვაობით დაამარცხა!

ყველა სიახლე
14 ოქტომბერი 2023


ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის პირველ ტურში ერთმანეთს „საქართველოს უნივერსიტეტი“ და „ქუთაისი 2“ დაუპირისპირდნენ. „არენა 2“-ში გამართულ შეხვედრაში UG-მ გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონი კომფორტული უპირატესობით 7-3 დაამარცხა.

პირველი ტაიმი „სტუდენტებმა“ ორბურთიანი უპირატესობით 3-1 მოიგეს. მეორე ნახევარში „ქუთათურებმა“ ანგარიშის შემოტრიალება ვერ შეძლეს და მეტოქემ სხვაობა სოლიდური გახადა. გამარჯვებული გუნდიდან ორ-ორი ბურთია მიქაელ იორამაშვილის, ლუკა ელიზბარაშვილის და სპარტაკ ლომიძის ანგარიშზე.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

მირიან ჯანგავაძე, UG-ის მთავარი მწვრთნელი: „ყველას მინდა მივულოცო ახალი სეზონის დაწყება. პირველ რამდენიმე თამაშზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდით. დარწმუნებული  ვარ, ასეთი სტარტი წაგვადგება. ვეცდებით კარგად გავაგრძელოთ სეზონი. ქუთაისს ბევრი გამოუცდელი მოთამაშე ჰყავს, მაგრამ საკმაოდ კარგ შედეგს დადებენ სეზონის ბოლოსთვის. დასაწყისისთვის ნორმალურ ფორმაშია გუნდი, შედეგით კმაყოფილი ვარ“.

ბაკურ გულუა, „ქუთაისი 2“-ის მთავარი მწვრთნელი: „გილოცავთ სეზონის დაწყებას. ახალი გუნდებით და ახალი შემადგენლობებით კიდევ უფრო საინტერესო ჩემპიონატი გამოვა. გუნდში როტაცია გვაქვს. ახალგაზრდები დავიმატეთ. რამდენიმე მოთამაშე ახლახან წავიდა უმაღლესის გუნდიდან, მეორე ლიგიდან მოხდა გუნდის შევსება და შესაბამისად აქ ახალი ბიჭების მიღება მოგვიწია. ჯერ შეუთამაშებლები ვართ დროის სიმცირიდან გამომდინარე. ნელ-ნელა ფორმაში შევალთ. პლეი-ოფს ყველა გუნდი ითამაშებს, მაგრამ ვიცე-ჩემპიონები ვართ, მანამდე ჩემპიონები ვიყავით და როგორც ქუთაისს შეეფერება, ვეცდებით ღირსეულად გამოვიდეთ“.

„არენა 2“-ში დღეს ლიგა 2-ის პირველი ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, სადაც „ევროპის უნივერსიტეტი“ „დინამო“-ს დაუპირისპირდება.

  © SBM, 2016-2024