ფუტსალის ლიგა 2-ში სეზონის საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის გამარჯვებული „თსუ 2“ გახდა.
ფინალური სერიის გადამწყვეტ, მეხუთე მატჩში „სტუდენტებმა“ „ქუთაისი 2“ 4-0 დაამარცხეს და ლიგა 2-ის თასს მეორედ დაეუფლნენ. სადებიუტო სეზონის ჩემპიონებმა ტიტული სამწლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნეს.
დასასრულს ტრადიციული დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც სეზონის საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ. ნომინანტებს პრიზები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ, ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების წარმომადგენელმა ხვიჩა გაგნიძემ და სპორტული სააგენტო SBM-ის CEO-მ ზაალ ჩიტალაძემ გადასცეს.
სეზონის საუკეთესო მეკარე ნიკა ნოზაძე (თსუ 2) გახდა. საუკეთესო მცველად დავით ადუაშვილი (გორი) დასახელდა, საუკეთესო უნივერსალის წოდება ლექსო ტკაჩოვმა (თსუ 2) მიიღო. საუკეთესო ასისტენტი 18 შედეგიანი გადაცემით საბა ეგრისელაშვილი (თსუ 2) იყო. საუკეთესო თავდამსხმელის ჯილდო ალექსანდრე ღვინჯილიას (წალენჯიხა) გადაეცა. საუკეთესო ბომბარდირი 26 გატანილი გოლით და ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშე ბაკურ გულუა (ქუთაისი 2) გახდა.
Sbm.ge გთავაზობთ დაჯილდოების შემდგომ კომენტარებს:
საბა ეგრისელაშვილი, თსუ 2: „აღვნიშნავ, რომ ძალიან რთული სეზონი იყო. ნახევარფინალები, მეოთხედფინალები, ფინალი, სულ დაძაბული თამაშები იყო და რთული მეტოქეები გვყავდა. ამ ფინალისთვის ოთხი წელი ვშრომობდით, ძალიან ძლიერი გუნდი ვიყავით წელს და ეს ყველაფერი დავიმსახურეთ შრომით და თავდადებით. ქუთასშიც და თბილისშიც რთული შეხვედრები გვქონდა, ორით ორი იყო სერიაში. ოთხით ნული მოვიგეთ, მაგრამ ეს არ იყო მარტივი გამარჯვება. როგორც აღვნიშნე, ძალიან მაგარი მეტოქე გვყავდა. ჩემი გუნდი ძალიან დამეხმარა იმაში, რომ საუკეთესო ასისტენტი გავმხდარიყავი“.
ბაკურ გულუა, ქუთაისი 2: „ვულოცავ თსუ 2-ს ჩემპიონობას, დამსახურებულ გამარჯვებას. ბოლო თამაშში გვაჯობეს. უნდა აღვნიშნო ჩემი ბიჭების წარმოუდგენელი შრომა და თავდადება. ძალიან დიდი მადლობა გუნდის თითოეულ წევრს, მწვრთნელიდან დაწყებული, მოთამაშით დასრულებული. დღევანდელი თამაში დაძაბული იყო. ანგარიში არ ასახავს იმ შედეგს, რაც უნდა მომხდარიყო. ხუთზე შეტევა გადავწყვიტეთ რაღაც მომენტებში, გატანის მაგივრად, ჩვენ კარში მივიღეთ გოლი. ფუტსალში ხდება ხოლმე ასე.
რა თმა უნდა, სასიამოვნოა ასეთი ჯილდოს მიღება. ვფიქრობდი, რომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელი მიიღებდა ამ პრიზს, რადგან შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და თვის საუკეთესოდაც არა ერთხელ დასახელდა. მადლობა ყველას“.
ალექსი ტკაჩოვი, თსუ 2: „ძალიან რთული სერია გამოვიდა, ორით ორზე შეიძლება ყველაფერი მოხდეს და ნებისმიერმა გუნდმა მოიგოს. მეტოქეს ჩვენგან პატივისცემის გარდა არაფერი ეკუთვნის, ძალიან კარგად ითამაშეს და იბრძოლეს. ჩემი აზრით, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ორივე გუნდის მხრიდან ყოველ სანტიმეტრზე ბრძოლა იყო. დღევანდელ ჩემ გოლზე რომ ვთქვა, კარში არ ვურტყამდი-მეთქი მოვიტყუები, მაგრამ ისეთი გოლი იყო, ასში ერთი გადის ასეთი და გამართლების ფაქტორიც იყო“.
ფუტსალის ლიგა 2-ის რიგით მეხუთე სეზონი პირველი გამარჯვებულის, თსუ 2-ის ჩემპიონობით დასრულდა, მეორე ადგილი „ქუთაისი 2“-მა დაიკავა, ბრინჯაოს პრიზიორი კი დებიუტანტი „წალენჯიხა“ გახდა, რომელმაც უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.