ლიგა 3-ში სეზონის საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ!

ყველა სიახლე
15 მაისი 2023


ფუტსალის ლიგა 3-ის 2022/23 წწ. სეზონი "დინამო თბილისი"-ს ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა. "დედაქალაქელებმა" არც საჩემპიონო სერიაში დათმეს მატჩი და სადებიუტო სეზონში თასი წაუგებლად აღმართეს. 

ფინალში "დინამო"-ს მეტოქე "საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი" იყო. "ლურჯ-თეთრებმა" მესამე შეხვედრაში მეტოქეს დამჯერებელი ანგარიშით 7-3 სძლიეს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. შეხვედრაში ანგარიში "სეუ"-მ გახსნა, მაგრამ მეტოქემ წონასწორობის აღდგენის შემდეგ მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა, რისი აღმოფხვრაც "სტუდენტებმა" ვეღარ შეძლეს.

ფინალის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც სეზონის საუკეთესო მოთამაშეებს პრიზები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, აკაკი ალადაშვილმა და სპორტული სააგენტო SBM-ის CEO-მ, ზაალ ჩიტალაძემ, გადასცეს. ფუტსალის ლიგა 3-ის საუკეთესო მეკარე გიორგი ცხვედიანი (დინამო) გახდა, საუკეთესო მცველად თამაზ ვახანია (სეუ) დასახელდა, საუკეთესო უნივერსალის ტიტული გიორგი ხმალაძემ (ჯიპა) მიიღო, საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი ლუკა ალანიას (სეუ) ერგო, საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ (U19) გიორგი თოდუა (რუსთავი) დასახელდა, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 30 გოლით ლაშა-გიორგი ობოლაძეა, ლიგა 3-ის 2022/23 წწ. სეზონის საუკეთესო მოთამაშე და საუკეთესო ასისტენტი 18 შედეგიანი გადაცემით ცოტნე მესხი (დინამო) გახდა.

sbm.ge გთავაზობთ დაჯილდოების შემდგომ კომენტარებს:

ცოტნე მესხი (დინამო), საუკეთესო მოთამაშე | საუკეთესო ასისტენტი: "დასაწყისში ცოტა რთულად იყო ყველაფერი. ახალი შეკრებილები ვიყავით, ზოგადად ფუტსალი ჩვენთვის ახალი იყო. რაც მთავარია, ერთ გუნდად და ოჯახად ვიყავით. საუკეთესოდ შევაფასებდი ჩემპიონატს, მარტო ერთი ფრე ვითამაშეთ, დანარჩენი ყველა მოგება გვაქვს. დინამო თბილისმა ახალი ისტორია დავწერეთ, ვინაიდან, არასდროს ჰყოლია დინამოს ფუტსალში გუნდი. ძალიან ბედნიერები და გახარებულები ვართ ყველანი. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა საუკეთესო მოთამაშე ხდები. დიდ ფეხბურთს ვთამაშობდი, წელს გადმოვედი ფუტსალში და ისევ იგივე ფორმაში ჩავდექი. მომენატრა ის შეგრძნებები და ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. "სეუ"-ზეც უნდა ვთქვა, რომ ძალიან მაგარი ბიჭები არიან. პირველი ძალიან დაძაბული მატჩი იყო, შემდეგ უკვე წინა ინტერვიუშიც ვთქვი, რომ სამით ნულს დავასრულებდით აუცილებლად სერიას და ასეც მოხდა".

ლაშა-გიორგი ობოლაძე (დინამო), საუკეთესო ბომბარდირი: "პირველ რიგში, ვულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას. შემდეგ სეზონში ვაპირებთ ლიგა 2-იც მოვიგოთ. ყველაფერი კარგად წავიდა, რაც დაგეგმილი გვქონდა ისე შევასრულეთ. ჩემი პირველი ნაბიჯები იყო ფუტსალში. სამივე თამაში ძალიან კარგი იყო და წარმატებები სეუ-ს. მე და ჩემი ძმა მეტოქე გუნდებში ვართ, დარბაზში ვთამაშობთ ფუტსალს, მის გარეთ კი ჩვეულებრივად ძმები ვართ".

თამაზ ვახანია (სეუ), საუკეთესო მცველი: "ვინაიდან მეორე ლიგაში მაინც აღვზევდით, მაინც წარმატებული წელი იყო ჩვენთვის. ფინალში მეტს ველოდით. უფრო გამოუცდელობის გამო წავაგეთ. პირველ მატჩში ძალიან კარგი შანსი გვქონდა, ოთხით სამს ვიგებდით, სამი წუთი იყო დარჩენილი, მაგრამ გამოუცდელობის გამო წავაგეთ. მეორე ლიგისთვის კარგად მოვემზადებით და წარმატებას მივაღწევთ. გუნდის მხრიდან ძალიან დიდი ხელშეწყობა გვქონდა, პირველ რიგში, ამირან ცხომარიას, მწვრთნელს, მინდა მადლობა გადავუხადო. არ ველოდებოდი ამ ტიტულს, მაგრამ მაინც ძალიან გამიხარდა და ძალიან ბედნიერი ვარ".

ფუტსალის ლიგა 3-ის სადებიუტო სეზონში ჯამში რვა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონობა "დინამო თბილისმა" იზეიმა, ვიცე-ჩემპიონი "სეუ" გახდა, მესამე ადგილი კი "ჯიპა"-მ დაიკავა.

 

  © SBM, 2016-2024