"თსუ 2" ჩემპიონის ტიტულის დასაბრუნებლად იბრძოლებს!

ყველა სიახლე
03 მაისი 2023


ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის მთავარი ჯილდოსთვის მოქმედი ჩემპიონი „ქუთაისი 2“ და ტურნირის პირველი გამარჯვებული „თსუ 2“ იბრძოლებენ.

გორის სპორტის სასახლეში გამართულ გადამწყვეტ 1/2 ფინალურ დაპირისპირებაში „თსუ 2“-მა „გორი“ დამაჯერებლად დაამარცხა, ანგარიშით 5-2 და სამწლიანი პაუზის შემდეგ „სტუდენტები“ ფინალში პირველად ითამაშებენ.

მეთერთმეტე წუთისთვის „თსუ“ ორბურთიანი უპირატესობით იგებდა. „გორელებმა“ სხვაობა შეამცირეს, მაგრამ თამაშის განახლებისთანავე მეტოქემ გოლითვე უპასუხა. პირველ ტაიმში „სტუდენტებმა“ მინიმალური სხვაობით იმარჯვეს (3-2), მეორე ნახევარში კი უპირატესობა დამაჯერებელი გახადეს. გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო სამი გოლით და ერთი საგოლე გადაცემით საბა ეგრისელაშვილი იყო.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

საბა ეგრისელაშვილი, თსუ 2: „სამი წელია რაც ფინალში გასვლა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ წელს შესანიშნავი გუნდი ვართ. მთელი სეზონი ვშრომობდით და დაგვიფასდა ეს ყველაფერი. „ქუთაისი“ ძლიერი გუნდია, შარშან ნახევარფინალში დავმარცხდით მათთან. რევანშის აღებას ვაპირებთ. „გორამდე“ „იუჯი“ დავამარცხეთ, მათთანაც ძლიერი თამაშები გვქონდა. ძალიან გამოცდილი მწვრთნელი გვყავს, მთელი სეზონი მის ტაქტიკებს ვამუშავებდით, წელს კარგადაც შევთამაშდით და ვფიქრობ, ფინალში ეს ჩვენი პლუსი იქნება“.

ილია ლუკაშვილი, გორი: „დღევანდელი თამაშის მოგება მნიშვნელოვანი იყო. ფინალში მოხვედრით უმაღლეს ლიგაში გადავდიოდით, მაგრამ შანსს კიდევ ვინარჩუნებთ. ვერ ვიტყვი, რომ ამ სამმატჩიან ბრძოლაში რომელიმე გუნდი იყო გამოკვეთილი ფავორიტი. ძალისმიერი სპორტია მაინც, ფიზიკურად ჩვენზე უკეთ იყვნენ მომზადებულები, ჩვენთან შედარებით ბევრად ახალგაზრდა გუნდია და ამან იმოქმედა. იმედი გვაქვს მესამე ადგილისთვის ბრძოლაში წალენჯიხასთან მოვიგებთ“.

ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალური სერიის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 6 მაისს გაიმართება.

  © SBM, 2016-2024