"თსუ 2"-მა "UG" ლიგა 2-ის პლეი-ოფიდან ზედიზედ მეორედ გამოთიშა!

ყველა სიახლე
30 მარტი 2023


ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის პირველი ნახევარფინალური წყვილი ცნობილია. ფინალში მოსახვედრად „გორის“ წინააღმდეგ „თსუ 2“ იბრძოლებს.

 „თსუ“-მ “საქართველოს უნივერსიტეტს“ განმეორებით შეხვედრაშიც 4-1 სძლია და მეოთხედფინალური ეტაპიდან ზედიზედ მეორედ გამოთიშა.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული „სტუდენტური დერბი“ დაძაბულად წარიმართა და მატჩის ბედი ორწუთიან ინტერვალში გადაწყდა. პირველი ნახევარი ფრედ 1-1 დასრულდა. მეხუთე წუთზე „საქართველოს უნივერსიტეტი“ სპარტაკ ლომიძემ დააწინაურა. მალევე წონასწორობა ავტოგოლით აღდგა. გუნდებმა ანგარიში დიდხანს შეინარჩუნეს. ოცდამეთექვსმეტე წუთზე საბა ეგრისელაშვილმა „თსუ“ წინ გაიყვანა, მომდევნო ორ წუთში კი აქტივში საგოლე გადაცემა და ერთი გოლიც მიითვალა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი შატაიძე, UG: „ვულოცავ თსუ-ს გამარჯვებას, გაგვიხარდება თუ ფინალში გავლენ და მოიგებენ, მაინც ჩემპიონი გუნდი რომ გამოგაგდებს, ეს ცოტათი სიმშვიდეს გგვრის. დღეს მეორე ტაიმში ვერ ვიტყვი, რომ სუსტად ვიყავით. ბოლო წუთებზე იმ შეცდომაზე, როცა თსუ გავიდა წინ, გავტყდით. დრო ცოტა იყო დარჩენილი, ხუთზე შევუტიეთ და არ გაგვიმართლა, სწრაფი გოლი მივიღეთ. რატომღაც თსუ-სთან ყველაზე მეტად გვიჭირს თამაში, ფუტსალის გუნდია და კარგად თამაშობენ. თუ გუნდის ძირითადი ბირთვი შევინარჩუნეთ, ვფიქრობ, რომ შემდეგ წელს უფრო კარგ შედეგზე გავალთ, რადგან მიზანი სწორედ ეს არის და მხოლოდ ფუტსალის ლიგა 2-ში მონაწილეობა“.

საბა ეგრისელაშვილი, თსუ 2: „იუჯი ძლიერი გუნდია. ორივე დაძაბული თამაში გამოვიდა. ჩემს გუნდზე ვიტყოდი, რომ პირველი თამაში უშეცდომოდ ჩავატარეთ და მეტოქის შეცდომები სწორად გამოვიყენეთ. მეორე შეხვედრაში უფრო წყნარად გამოვედით, განმაპირობებელი მომენტი იყო, რომ მშვიდად ვიყავით. ჩვენს მომენტებს დაველოდეთ, გავიტანეთ და დავასრულეთ შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ. „გორი“ უკვე მეორე სეზონია ჩვენთვის უხერხული მეტოქეა, მაგრამ გუნდი მზად არის, ყველაფერი კარგად მიდის ჩვენთვის და ვეცდებით ფინალისთვის ვიბრძოლოთ. ძალიან გვსურს ლიგა 2-ის პირველი სეზონის შედეგის გამეორება“.

„ქუთაისი 2“-ის ნახევარფინალური მეტოქე 1 აპრილს „ილიაუნი 2“-სა და „წალენჯიხა“-ს შორის გადამწყვეტ მატჩში გამოვლინდება.

  © SBM, 2016-2024