„გორი“ ფუტსალის უმაღლეს ლიგას მიუახლოვდა!

ყველა სიახლე
26 მარტი 2023


გორის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის ერთი განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივი „გორი“ „ევროპის უნივერსიტეტი 2“-ს დაუპირისპირდა, 10-5 იმარჯვა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

თამაშის დაწყებიდან მალევე ორწუთიან ინტერვალში „გორელებმა“ სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. „სტუდენტებმა“ ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს, მაგრამ ტაიმის ბოლომდე მეტოქემ კიდევ ერთხელ შეძლო „ეუ 2“-ის კარის აღება. ოცდამეშვიდე წუთამდე „გორმა“ სხვაობა სოლიდური გახადა (8-2), საბოლოოდ კი მოწინააღმდეგე კომფორტული ანგარიშით დაამარცხა. გამარჯვებული გუნდიდან ჰეთ-თრიკი ომარ ცარიელაშვილმა გაიფორმა, ორი გოლია დავით ადუაშვილის სახელზე.

ნახევარფინალში გასვლით „გორი“ უმაღლესი ლიგის საგზურს მიუახლოვდა და ამ შედეგით მათი შანსები კიდევ უფრო გაიზარდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დავით ადუაშვილი, გორი: „შარშანდელ სეზონთან შედარებით, გავაუმჯობესეთ წლევანდელი წელი და ძალიან გახარებულები ვართ ჩვენც, მთელი გორიც. ნახევარფინალშიც აუცილებლად ვიბრძოლებთ, ვინც არ უნდა შეგვხვდეს დიდი ძალები დაგვჭირდება. წელს „ევროპის უნივერსიტეტი“ ცოტა უიღბლოდ არის. ჩემთვის თავიდან ერთ-ერთი საჩემპიონო გუნდი იყო, მაგრამ ასე არ გამოვიდა. ჩვენ ასე თუ ისე, ბრძოლითა და ჟინით ვაჯობეთ მეტოქეს ამ ორ თამაშში, სხვა მხრივ დაბალანსებული გუნდები ვართ“.

გივი ყურაშვილი, EU2: „გორი ძალიან კარგი გუნდია, რაც გამოჩნდა ორივე თამაშში. ბრძოლით და შემართებით გავიდნენ ნახევარფინალში. დღეს თავიდანვე სამი გოლი მივიღეთ და ვეღარ აღმოვფხვერით ეს წინ გასვლა. ხუთზე შეტევაც ვცადეთ და თითქოს იყო შანსი, მაგრამ მაინც ბევრი გოლი მივიღეთ. მომავალი წლისთვის უკეთ მოვემზადებით, ჩვენი მიზანი ნახევარფინალი და ფინალი იქნება“.

ფუტსალის ლიგა 2-ის დარჩენილი ორი განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩი „ილიაუნი 2“ „წალენჯიხას“ და „თსუ 2“ „საქართველოს უნივერსიტეტს“ შორის თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 29 მარტს გაიმართება.  

  © SBM, 2016-2024