ლაშა ამაღლობელი: სწორი მენეჯმენტით, ბევრი კარგი იდეის განხორციელება არის შესაძლებელი
ყველა სიახლემინი ფეხბურთის კლუბი „აგორა“, საქართველო ფუტსალის ლიგის დებიუტანტია. რეგულარული სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, კლუბი სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს, მფკ ტატიშვილისა და მფკ სტუ-თელასის შემდეგ და უკვე განაღდებული აქვს პლეი-ოფში თამაში.
„აგორა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ლაშა ამაღლობელმა sbm.ge-სთან მფკ აგორაზე, როგორც სპორტულ პროექტზე ისაუბრა.
თქვენი კომპანიისა და საქმიანობის შესახებ გვიამბეთ?
„აგორა ჯგუფი“ რამდენიმე მიმართულებით მომუშავე კომპანიებს აერთიანებს. ესენია „აგორა ფინანსები“ (www.agora.ge), „აგორა კონსალტინგი“ (www.agoraconsulting.ge), „აგორა სოლუშენი“ (www.agorasolutions.ge) და „აგორა ქეარი“, ხოლო დღეს უკვე, როგორც იცით, ამ ჩამონათვალს შეემატა მფკ „აგორა“-ც.
„აგორა ფინანსები“ საინფორმაციო ტიპის ვებ-გვერდია, რომლის მთავარ აუდიტორიასაც, გარდა რეგულარული სიახლეების მკიხველებისა, წარმოადგენენ ეკონომისტები, ბიზნესმენები და ბევრი რიგითი ადამიანი, რომელთაც სავალუტო გაცვლით კურსებზე, სადეპოზიტო პროდუქტებსა თუ სესხებზე აინტერესებთ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია.
„აგორა კონსალტინგი“ საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც თავის კლიენტებს უზრუნველჰყოფს სამართლებრივი და ფინანსური კონსულტაციითა და მხარდაჭერით კერძო და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობაში.
„აგორა სოლუშენი“ წარმოადგენს კომპანიას, რომელიც რამდენიმე მიმართულებით მუშაობს: ერთია „ვებ სტუდიო“, რომელიც დაკავებულია ვებ-გვერდების შექმნითა და მათი მხარდაჭერით, ხოლო მეორე არასაბანკო ფინანსური ტიპის დაწესებულებებისათვის საოპერაციო პროგრამულ მხარდაჭერას ახორციელებს.
„აგორა ქეარი“ ჩვენი ასევე შედარებით ახალი კომპანიაა, რომელიც მცირე საქველმოქმედო ტიპის ღონისძიენებს ახორციელებს და ამ მიმართულებით თანამშრომლობს სხვადასხვა, მათ შორის, უცხოურ ფონდებთან და არაკომერციულ ორგანიზაციებთან.
განსხვავებული საქმიანობის მიუხედავად, რამ გიბიძგათ ფუტსალის კლუბის ჩამოყალიბებისკენ?
საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო ჩემთვის, იმ ტიპის საქმიანობისათვის მომეკიდა ხელი, რაც არ არის ჩემი მთავარი პროფესია. თუმცა ბანკირობისგან განსხვავებით, კიდევ ერთი პროფესია მაქვს - მენეჯმენტიJ. სწორი მენეჯმენტითა და სწორი ხედვით კი, ვფიქრობ, ბევრი კარგი იდეის განხორციელება არის შესაძლებელი.
რატომ სახელი აგორა?
როგორც მოგეხსენებათ, აგორა იყო ძველ ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოთა ცენტრალური მოედანი, სადაც იკრიბებოდა ხალხი, მიმდინარეობდა ვაჭრობაც და განხილვებიც სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების. ჩვენი ძირითადი ნიშა და ამბიციაც სწორედ ის არის, რომ ვიყოთ და ვამყოფოთ ჩვენი მომხმარებელი საინტერესო მოვლენათა ეპიცენტრში სხვადასხვა მიმართულებით. გარდა ამისა, თვითონ სიტყვა „აგორა“-ც საკმაოდ ლამაზად და ეფექტურად ჟღერს. რატომაც არა?
დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ სპორტის და ბიზნესის ურთიერთობის ახალ ეტაპზე. თქვენ , როგორც ბიზნესმენი, როგორ ხედავთ ამ ფორმულას და სამომავლოდ შეიძლება თუარა, მფკ „აგორა“ გახდეს კომერციული პროექტი?
რომ არა ეს ხედვა, შეიძლება არც მომეკიდა ამ საქმისთვის ხელი. თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარი ეს არაა. ასეთი ტიპის (ჩემი შეხედულებით, საკმაოდ რთული) საქმიანობას ხელი უნდა მოკიდო მაშინ, როდესაც შენი ქვეყანა გიყვარს და ხარ მზად მისი განვითარების რომელიმე სექტორში შენი, თუნდაც მინიმალური წვლილი შეიტანო და, ამასთანავე, გაქვს გარკვეული სახის ფინანსური თუ სხვა ტიპის რესურსები. თუმცა ასეთი ტიპის მიდგომას წახალისება სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან გაორმაგებული უკუკავშირით, რაც ავტომატურად ასევე ორმაგ მხარდაჭერას ჰპოვებს თავად ბიზნესის სექტორიდან. ეს ერთგვარი მუდმივი ჯაჭვია, რომელმაც, თანამშრომლობის სწორი მოდელის შემთხვევაში, საკმაოდ კარგი შედეგები შეიძლება მოიტანოს.
მიუხედავად იმისა, რომ დებიუტანტები ხართ, მფკ „აგორა“ წელს საკმაოდ კარგი შემადგენლობით წარსდგა. როგორ შეაფასებდით გუნდის გამოსვლას რეგულარულ ჩემპიონატში და რა იყო პირველ წელს თქვენთვის მაქსიმალური და მინიმალური ამოცანა?
ნამდვილად, მფკ „აგორა“ დებიუტანტია როგორც ფუტსალის ლიგაში, ასევე მთლიანად სპორტის ამ სექტორში. კიდევ ერთხელ უნდა ავღნიშნო, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილება, მარტივი არ იყო ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. თუმცა, მივიღეთ რა ეს გადაწყვეტილება, სტრატეგიაც ანალოგიურად გეგმაზომიერი დავისახეთ. მიუხედავად რამდენიმე თამაშის ბედის ჩვენთვის არასასიკეთოდ გადაწყვეტისა, ჩვენი ფუტსალის კლუბი საკმაოდ წარმატებულია მიმდინარე გათამაშებაში. გვქონდა მნიშვნელოვანი მოგებები და გვქონდა დაუშვებელი ქულის დაკარგვებიც. მინიმალური გეგმა იყო ის, რომ გუნდი მოხვედრილიყო საუკეთესო ოთხეულში - „პლეიოფში“, ბოლო თამაშის მოგებამ ოთხეულში ჩვენი მოხვედრის ბედი დადებითად გადაწყვიტა და, დიდი ალბათობით, ამ ოთხეულში მე-3 ადგილით გავალთ. რაც შეეხება მაქსიმალურ ამოცანას, ეს ალბათ არც თუ ისეთი რთული გამოსაცნობიაJ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად შევეცდებით დავდოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და გავხდეთ პირველები. სრული ძალისხმევის პირობებში, ჩვენს ბიჭებს ეს ნამდვილად ძალუძთ.
თანამედროვე სპორტი გულშემატკივრის გარეშე წარმოუდგენელია? თქვენი კლუბი ამ კუთხითაც გამორჩეულია. ხომ არ გეგმავთ პლეიოფებისთვის გულშემატკივართა განსაკუთრებულ მობილიზებას? რამდენად შეიცვალა ამ მხრივ ორგანიზაციის საქმიანობის ყოველდღიურობა?
ძალიან ვწუხვარ, რომ ფუტსალს, სპორტის ერთ-ერთ საუკეთესო ყურებად სახეობას, საქართველოში არ ჰყავს რეგულარული და მასშტაბური გულიშემატკივართა რაოდენობა. თუმცა მე რამდენჯერმე დავესწარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის - ბატონი ლევან კობიაშვილის გამოსვლას, სადაც მან გააჟღერა, რომ ფედერაცია ამ სახეობის განვითარებას და მხარდაჭერას გეგმავს, რაც თავისთავად კლუბების გაძლიერებასა და, მისი სწორი პოპულარიზაციის შედეგად, მაყურებელთა რიცხვის გაზრდას შეუწყობს ხელს. მე პირადად ამ დაპირების დიდი იმედი მაქვს, რაც დამატებითი სტიმული იქნება ჩვენთვის, რომ უფრო ძლიერი კლუბი გვყავდეს და უფრო მეტი საინტერესო და სანახაობრივი მატჩები შევთავაზოთ ჩვენს გულშიმატკივრებს. ჩვენი გუნდი ამ კუთხით, ვფიქრობ, რომ გამორჩეულია (ნანახი მაქვს რა სხვა გუნდების გულშემატკივართა რიცხვი), თუ ადრე (ტურნირის დასაწყისში) ჩვენი უშუალო თანამშრომლები იყვნენ წარმოდგენილნი დარბაზში საგულშემატკივროდ, დღეს გვყავს უკვე გულშემატიკვართა უფრო ფართო კატეგორია, რომლებსაც წარმოადგენენ ჩვენი თანამშრომლების მეგობრები, ოჯახის წევრები და ნათესავებიც კი. პლუს ამას, მას შემდეგ რაც აგორამ შესძლო თავისი მინიმალური გეგმების მიღწევა, ჩვენს სამომავლო თამაშებზე გაცილებით მრავალრიცხვოვანი გულშემატკივართა არმიით ვიქნებით წარმოდგენილები და დარბაზში ნამდვილად შევასრულებთ ჩვენი გუნდის მექვსე მოთაშის ფუნქციას.J
პირადად თქვენსა და ფეხბურთის ურთიერთობაზე რომ მოგვიყვეთ, რომელია თქვენთვის საყვარელი ნაკრები და კლუბი?
პირადად მე, კარგახანია, „რეალ მადრიდის“ გულშემატკივარი ვარ. ვფიქრობ რეალი წელს ზედიზედ მეორედ აიღებს ჩემპიონთა ლიგის თასს და ისტორიაშიც შევა. რაც შეეხება ნაკრებს - პორტუგალია, ჩემი ქვეყნის ეროვნული ნაკრების შემდეგ, რა თქმა უნდა. თუმცა ჩვენმა ნაკრებმა კარგა ხანია ვერ შეძლო გულშემატკივრების გახარება სათანადო დონეზე, რაც, იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან მოხდება და ერთად ვიზეიმებთ დიდ წარმატებებს.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური / sbm.ge